Belive

წინ ისტორიული მატჩებია - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ თამაშში ჩვენი ნაკრები ისლანდიას „თბილისი არენაზე“ 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ისლანდიას მატჩამდე კი ქართველი კალათბურთელები 23 თებერვალს ნიდერლანდებს ესტუმრებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშებენ.

ისტორიული და უპრინციპულესი მატჩებისთვის, FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს ნაკრების 15-კაციანი განაცხადი გამოქვეყნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში FIBA-მ გოგა ბითაძეც დაასახელა, თუმცა მის თამაშს უდიდესი ალბათობით ვერ ვიხილავთ. "ინდიანას" დატოვების შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გოგას ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ "ორლანდოში" გადასვლის შედეგად, ბითაძის საქართველოში ჩამოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.

შემადგენლობა

  • რატი ანდრონიკაშვილი
  • გივი ბაქრაძე
  • ბექა ბექაური
  • მიხეილ ბერიშვილი
  • გოგა ბითაძე
  • მერაბ ბოქოლიშვილი
  • ბექა ბურჯანაძე
  • კახაბერ ჯინჭარაძე
  • გიორგი კორსანტია
  • ილია ლონდარიძე
  • თად მაკფადენი
  • დუდა სანაძე
  • თორნიკე შენგელია
  • გიორგი შერმადინი
  • გიორგი ცინცაძე

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველ კალათბურთელებს 4 მოგება და ასევე 4 მარცხი აქვთ. სწორედ ასეთივე სტატისტიკა აქვს ისლანდიის ნაკრებს, ხოლო უკრაინის ნაკრების ანგარიშზე კი 3 გამარჯვებაა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მხოლოდ 3 გუნდი ხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ჯგუფიდან კი იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს საგზური უკვე განაღდებული აქვთ.

სხვა სტატიები