Belive

მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ კალათბურთი
4 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ჩვენი ეროვნული გუნდის ის 12-12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 24 და 27 თებერვალს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში დაუპირისპირდება.
შემადგენლობა 24-კაციანია და ის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორის, ფიბა-ს სპეციალურ საშეჯიბრო ბაზაში გაგზავნილი, ხოლო ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია: საქართველოს შემადგენლობა და სტატისტიკური მაჩვენებლები ამავდროულად, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მომავალი მატჩებისთვის ვარჯიშები 19 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 16 კალათბურთელით დაიწყება. შემადგენლობაში 3 ლეგიონერი – ესპანური ტენერიფეს ლიდერი, გიორგი შერმადინი, ესპანურსავე მურსიაში მოასპარეზე თად მაკფადენი და სერბული ბორაცის მსროლელი, დუდა სანაძეა. დანარჩენი 13 კალათბურთელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან, სუპერლიგის გუნდებიდან არიან.  
shemadgenloba-16-kaci-baneri-730x730
ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ან სხვა ნებისმიერი მიზეზით თუკი ნაკრების შემადგენლობაში ცვლილების გაკეთება იქნება საჭირო, სამწვრთნელო შტაბს გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობიდან ნებისმიერი მოთამაშის დამატება შეეძლება. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებს 3 დღის განმავლობაში 2 რთული მატჩი ელის და გამორიცხული არაა, მწვრთნელებმა როტაციას მიმართონ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა გასული წლის 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას 88:83 სძლია, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა. თითო მოგებ-წაგებით საქართველო G ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში მაქსიმალურად მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გადაჰყვეს. შეგახსენებთ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფების შემადგენლობას და გათამაშების ფორმატს: A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გავა. მეორე ეტაპზე შეიქმნება 6-გუნდიანი ჯგუფები, რომლებშიც გუნდები შემდეგი პრინციპით მოხვდებიან: ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული. ანუ, ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოსთან შექმნის ახალ ჯგუფს. ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები, პლუს ბოლო, მე-4 ადგილზე გასულ ნაკრებთან დაფიქსირებული შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზე სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი შეხვედრა 24 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება და მასზე სპორტის სასახლის მთლიანი ტევადობის 33%-ს შეეძლება დასწრება. გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ხვალიდან, 18 თებერვლიდან, www.tkt.ge -ზე შეეძლება. მეორე შეხვედრა 3 დღეში, 27 თებერვალს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები