Belive

მაიკლ ჯორდანმა ის კალათბურთელები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

7 საათის წინ კალათბურთი
3 წთ

მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი ლეგენდაა. 90-იან წლებში მან „ჩიკაგო ბულზთან“ ერთად ექვსი NBA-ის ტიტული მოიგო და ექვსჯერვე ფინალის MVP-ის ჯილდო დაიმსახურა, რითაც ეპოქის მთავარი ვარსკვლავის სტატუსი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

თავის საუკეთესო წლებში ჯორდანთან ერთი-ერთზე თამაშზე ფიქრიც კი ცოტა სარისკო იყო. წლების შემდეგ ჯორდანმა გულახდილად აღიარა, რომ NBA-ში იყვნენ მოთამაშეები, ვისთანაც დაპირისპირება არასდროს უნდოდა. Jumpmanhistory-სთან საუბარში მან ზუსტად დაასახელა უხერხული მეტოქეები - დაბალი და სისწრაფის ხარჯზე მოთამაშე კალათბურთელები:

„ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე ვინ იქნებოდა ერთი-ერთზე თამაშისას? დაბალი მოთამაშეები. ალენ აივერსონი, დეიმონ სტაუდემაიერი, როდ სტრიკლენდი და მაგსი ბოგსი“ - მაიკლ ჯორდანი

ალენ აივერსონი NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მოთამაშეა. 1996 წლის დრაფტზე არჩეული აივერსონი მალევე ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ვარსკვლავად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმაღლე მხოლოდ 183 სანტიმეტრი იყო, აივერსონმა ფიზიკური მონაცემებით გამოწვეული სირთულეები დაძლია და კარიერის განმავლობაში ოთხჯერ მოიპოვა NBA-ის საუკეთესო მექულის ჯილდო, 1999, 2001, 2002 და 2005 წლებში. რეგულარულ სეზონში ის საშუალოდ 26.7 ქულას აგროვებდა. კარიერის უდიდესი ნაწილი „ფილადელფია სიქსერსში“ გაატარა, 2016 წელს კი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ალან აივერსონი რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდოს იგებს

მიუხედავად იმისა, რომ დეიმონ სტაუდემაიერის სიმაღლე სულ რაღაც 178 სანტიმეტრი იყო, „Mighty Mouse“-მა, NBA-ში 13-წლიანი შთამბეჭდავი და წარმატებული სეზონი ჩაატარა. 1995 წლის დრაფტზე ის „ტორონტო რეპტორსმა“ აირჩია, სადაც სადებიუტო სეზონშივე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. კანადურ კლუბში ასპარეზობისას სტაუდამაიერმა „ტორონტოს“ ისტორიაში ერთ სეზონში ჩაგდებული სამქულიანების სარეკორდო მაჩვენებელიც (133 ზუსტი სროლა) დაამყარა.

თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ გამთამაშებლად მიჩნეულმა როდ სტრიკლენდმა NBA-ში 17-წლიანი კარიერა გაატარა. საუკეთესო სეზონები მან „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისა“ და „ვაშინგტონ ბულეტსის“ (შემდგომში „ვაშინგტონ ვიზარდსი“) მაისურით ჩაატარა. მისი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი 1997-98 წლებში იყო, როდესაც „ვაშინგტონის“ შემადგენლობაში საშუალოდ ერთ მატჩში 17.8 ქულასა და 10.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

დეიმონ სტაუდემაიერი შაკის წინააღმდეგ
როდ სტრიკლენდი ვაშინგტონის შემადგენლობაში

მაგსი ბოგსი NBA-ის ისტორიაში ყველაზე დაბალ კალათბურთელად რჩება (160 სმ). 1987 წლის დრაფტზე ის „ვაშინგტონ ბულეტსმა“ საერთო ჯამში მე-12 ნომრად აირჩია, თუმცა კარიერის უდიდესი ნაწილი „შარლოტ ჰორნეტსში“ გაატარა. მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი 1993-94 წლების სეზონი იყო, როდესაც გამთამაშებელი საშუალოდ ერთ მატჩში 10.8 ქულასა და 10.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მაგსი ბოგსი (ნომერი 1) თანაგუნდელებთან ერთად