მაიკლ ჯორდანი: "ამდენი 3-ქულიანი კალათბურთისთვის საშიში გახდება"
კალათბურთში, სამქულიანი ხაზი NBA-მ პირველად 1979/80 წლების სეზონში შემოიღო, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი გამოყენების დრამატული ზრდა შეინიშნება.
ეს ძირითადად გოლდენ სტეიტ უორიორსის მსროლელის, სტეფ კარის დამსახურებაა, რომლის შეუზღუდავმა დიაპაზონმა და ეფექტურობამ ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვია თამაშის წესში.
გასულ სეზონში, დალას მავერიქსმა და გოლდენ სტეიტ უორიორსმა NBA-ს რეკორდი დაამყარეს - მათ 48 სამქულიანი ჩააგდეს. ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით, ეს სტატისტიკა იმის დასტურია, რომ თამაში არასანახაობრივი გახდა.
ჩემი სამქულიანი სროლა ისეთი რამაა, რაშიც არ მინდა წარმატების მიღწევა, რადგან ეს ჩემი თამაშის ყველა ასპექტს აკნინებს.
ჩემი თამაში არის გამუდმებული სწრაფვა ფარისკენ, შეღწევა, ბურთის ჩაგდება, ჩატენვა. როდესაც მიყოლებით რამდენიმე სამქულიანი ჩავაგდე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მენტალიტეტი იცვლებოდა და ფარისკენ გადაადგილება აღარ მინდოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ერთგანზომილებიანი ხდებით და ფუნდამენტურ პრინციპებზე მუშაობას წყვეტთ. ამიტომ უმჯობესია, თამაშის ყველა კომპონენტში ივარჯიშოთ, საჭიროების შემთხვევაში სამქულიანიც ჩააგდოთ და მუდმივ საფრთხედ დარჩეთ.
არ უნდა იდგეთ პერიმეტრზე მუდამ იმის მოლოდინით, რომ ვინმე გიპოვით, ბურთს მიიღებთ და პირდაპირ რკალისკენ გაუშვებთ. - განაცხადა მაიკლ ჯორდანმა
1992 წელს, მაიკლ ჯორდანმა, NBA-ს ფინალის პირველი თამაშის პირველ ტაიმში, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ, ექვსი სამქულიანი ჩაგდო და კითხვაც სწორედ ამას ეხებოდა.
ჯორდანმა კარიერის განმავლობაში 581 სამქულიანი ჩააგდო (1778 მცდელობიდან) და მისი საშუალო მაჩვენებელი კარიერაში 32.7 პროცენტი იყო. სტეფ კარის კი NBA-ში 4 058 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.
ჯორდანი არაა ცნობილი, როგორც სამქულიანის უბადლო მსროლელი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ ჰქონდა.