Belive

მაიამი და ნიუ ორლეანსი | პლეი-ოფის ყველა გუნდი ცნობილია

1 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის წლევანდელი სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და დღეს ცნობილი გახდა უკანასკნელი ორი გუნდი, რომლებიც პლეი-ოფში ითამაშებენ. პლეი-ინში, "მაიამი ჰიტმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა (112:91), ხოლო "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "საკრამენტო კინგსი" დატოვა პლეი-ოფის გარეშე (105:98).

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა პლეი-ოფში გასვლა მეორე მცდელობით, დამარცხების შემდეგ მოახერხა. მაიამი პლეი-ინის პირველ შეხვედრაში "ფილადელფიასთან" დამარხცდა, პელიკანსი კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან".

მაიამი ჰიტის გამარჯვება ტაილერ ჰიროს ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა, ახალგაზრდა მცველს მხოლოდ ერთი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. პარკეტზე გატარებულ 33 წუთში მის ანგარიშზე 24 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა იყო. გამორჩეული თამაში ჰქონდა კევინ ლავსაც, რადგან მხოლოდ 12 წუთი მიეცა და გუნდს 16 ქულასთან ერთად 7 მოხსნა მოუტანა. ჩიკაგოელებისგან დემარ დეროუზანის გამორჩევა შეიძლება - 22 ქულით, 3 მოხსნითა და 4 პასით. მაიამი ჰიტი პლეი-ოფში ფავორიტ "ბოსტონ სელტიკს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება პელიკანსს, ნიუ ორლეანსმა საკრამენტო ბრენდონ ინგრამისა და იონას ვალანჩუნასის კარგი თამაშით დაამარცხა. ინგრამს 24 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ლიეტუელმა ცენტრმა კი 19 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ვალანჩუნასზე უკეთესი თამაში მისმა თანამემამულემ საბონისმა ჩაატარა, თუმცა მისი 23 ქულა, 14 მოხსნა და 7 ასისტი საკრამენტოსთვის გამარჯვების მომტანი არ აღმოჩნდა. ნიუ ორლეანსის მეტოქე, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე, "ოკლაჰომა სიტი" იქნება.

სხვა სტატიები