Belive

ჯიკიჩი: ,,ჩვენი საქმე დღეს საშინლად რთული იყო''

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

პორტუგალიასთან მოგებული მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა და გამთამაშებელმა, რატი ანდრონიკაშვილმა შეაფასეს:

,,პირველ ყოვლისა, ვულოცავ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ეს ძალიან, ძალიან რთული მეტოქეა. მათ აქვთ ბევრად დიდი ნიჭი, ვიდრე ხალხს ჰგონია. ვფიქრობ, ყველას დრო სჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ესპანეთისა და საბერძნეთის დამარცხება მარტივი არ არის. ჩვენ ვნახეთ ეს მატჩები და პორტუგალია შესანიშნავად გამოიყურებოდა.

შემდეგ კი, იმ გუნდმა, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ვუყურებდით, დაიმატა სასტარტო ცენტრი, კეტა, ვინც ვიცით ვინც არის, ეს ამ ნაკრებისთვის წინსვლაა, ასე რომ, ჩვენი საქმე დღეს საშინლად რთული იყო. მადლობა ჩემს მოთამაშეებს. შენგელიამ პარკეტზე 40 წუთი გაატარა... თუ გადაამოწმებთ ჩვენი ლიდერების წუთებს, ნახავთ, რომ ყველამ ძალიან ბევრი წუთი გაძლო და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოვიგეთ.'' - ალექსანდარ ჯიკიჩი
,,კარგად ვითამაშეთ, მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და გავიმარჯვეთ. ვულოცავ მწვრთნელს, ჩვენს მოთამაშეებს და მთელ საქართველოს. ძალიან ვამაყობ ბიჭებით და გუნდის თითოეული წევრით.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო და სულ ესაა. არ მაინტერესებს ქულები, არ მაინტერესებს... ერთადერთი, რაც მაინტერესებს, მოგებაა,

ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ! მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიზნის მისაღწევად, მაგრამ წინ კიდევ 4 მატჩია. ჩემი ერთი კარგი თამაში არაფერს არ ნიშნავს, მთავარია, რომ შემდეგ შეხვედრაში გავიმარჯვოთ და მიზანს მივაღწიოთ.'' - რატი ანდრონიკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:90 მოუგო.

ჯიკიჩის გუნდი მომავალ შეხვედრას 26 ნოემბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.