Belive

"გუშინდელი შემთხვევა არაფერს ცვლის, მადლობა მაკაბის ფანებს" - თორნიკე შენგელია

11 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ვირტუსის" ლიდერი - თორნიკე შენგელია, თელ ავივში, "მაკაბის" ფანთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

Instagram-ზე განთავსებულ "სთორიში" შენგელია აღნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ ფანთან მომხდარი დაპირისპირება არაფერს ცვლის.

"ისრაელში თამაში ყოველთვის დიდი პატივია. მნიშვნელობა არ აქვს კლუბთან ერთად ვითამაშებ "მაკაბის" წინააღმდეგ, თუ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიასპარეზებ FIBA-ს ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე.

ყოველთვის გულთბილ დახვედრას ვიღებ და უზომოდ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც მადლიერი ვარ. "მაკაბი" და მისი გულშემატკივრები ჩემი მხრიდან ყოველთვის დაფასებულები იყვნენ და გუშინდელი დღე ამ ყველაფერს არ შეცვლის. უმრავლესობის აზრი არ განისაზღვრება ერთეულების მიერ ჩადენილი ქმედებით. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივრებს, რომლებიც გასამხნევებელ შეტყობინებებს მწერენ", - თორნიკე შენგელია.



სტატუსის პარალელურად, თორნიკე შენგელიამ "მაკაბის" ფანების მიერ გაგზავნილი მხარდამჭერი შეტყობინებებიც გააზიარა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადგილობრივი პუბლიკა ქართველ ვარსკვლავს დიდ პატივს სცემს.




შეგახსენებთ, ევროლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "მაკაბისა" და "ვირტუსის" დაპირისპირება შედგა. თელ ავივში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით - 111:80 დასრულდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში "მაკაბის" გულშემატკივარსა და თორნიკე შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში ორივე გუნდის წარმომადგენლები ჩაერთვნენ და სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

სხვა სტატიები