Belive

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, "სპორტის სასახლეში" გაიმართება. საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა - დრაგან ბაიჩმა გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო უპირობო ფავორიტია.
"სანაკრებო შეკრება სათასო დაპირისპირებების დასრულებისთანავე დაიწყო. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა სათასო მატჩების რამდენიმე დღით გადატანა, რათა მეტი დასვენებისა და უკეთ ვარჯიშის შესაძლებლობა გვქონოდა. ტაქტიკურად ბევრი რამის გაკეთება არ შემიძლია. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ თბილისში სტამბოლის გავლით გვიწევს წასვლა და კიდევ უფრო მეტ დროს ვკარგავთ". "უამრავი მოთამაშე გვაკლია, რის გამოც დიდ სირთულეს ვაწყდებით. ვეცდებით საქართველოს რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამ ვითარებაში ჩვენს წინააღმდეგ საქართველო უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. მიუხედავად ყველაფრისა თუ შანსი მოგვეცემა აუცილებლად გამოვიყენებთ. იდეალური შემადგენლობით, რომ ვყოფილიყავით სრულიად სხვა სიტუაცია იქნებოდა, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ", - აღნიშნავს დრაგან ბაიჩი. 
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 24 თებერვალს თბილისში დაუპირისპირდება, ხოლო 27-ში მატჩი სკოპიეში გაიმართება. პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის ეგიდით ილიას ზუროსის გუნდმა უკრაინას 88:83 სძლია, რასაც ესპანეთში წაგება (61:89) მოჰყვა. მაკედონიელებმა ორივე შეხვედრა დათმეს: ესპანეთთან – 65:94, უკრაინასთან კი – 61:78. შემდეგ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

სხვა სტატიები