Belive

ბარსელონას ის სურდა, მან ეს იცოდა, მაგრამ საბოლოოდ რეალის ლეგენდასთან აღმოჩნდა

12 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

"ბარსელონას ის სურდა, მან ეს იცოდა, მაგრამ საბოლოოდ რეალის ლეგენდასთან, ლუკა დონჩიჩთან აღმოჩნდა" - სწორედ ამ სახელოწდებით აქვეყნებს Mundo Deportivo ვრცელ სტატიას, რომელსაც სანდრო მამუკელაშვილს უძღვნის.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა საქართველოს ეროვნული საკალათბურტო ნაკრების ლიდერისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ახალწვეულის შესახებ, საინტერესო დეტალებს ასაჯაროვებს და აღნიშნავს, რომ ბარსელონამ ორჯერ სცადა მამუკელაშვილის გადაბირება, მაგრამ ვერ შეძლო.

Mundo Deportivo-ს მტკიცებით, სანდრო მამუკელაშვილმა ბარსელონას უარი ორჯერ უთხრა, რათა ლუკა დონჩიჩთან ერთად NBA-ის საჩემპიონო ბეჭდისთვის იბრძოლოს.

სანდრო მამუკელაშვილი კარგი მაგალითია იმისა, რომ ზოგჯერ ევროლიგიდან სარფიან წინადადებაზე უარის თქმა და NBA-ში დარჩენა, იდეალური გადაწყვეტილებაა. 2024 წლის ივლისში, როცა მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა, მისი მომავალი გაურკვეველი იყო. მას სან ანტონიოსთან ახალი დასრულებული ჰქონდა კონტრაქტი და NBA-ში უკვე სამი წლის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა, 25 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ ჰქონდა NBA-ში სტაბილური სათამაშო დრო, რის გამოც არსებობდა შესაძლებლობა, კარიერა NBA-ს მიღმა, მათ შორის ევროლიგაში გაეგრძელებინა.

როგორც Mundo Deportivo იმ პერიოდში აღნიშნავდა, ბარსელონა მამუკელაშვილის დამატებით დაინტერესდა და მას ოსკარ და სილვას შემცვლელად განიხილავდა. თუმცა 2.06 მეტრის სიმაღლის ქართველმა ფორვარდმა სპურსთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

მამუმ ეს შესაძლებლობა გამოიყენა და NBA-ში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლა. ის სპურსის საიმედო როტაციის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და საშუალოდ 11 წუთში 6.3 ქულას, 3 მოხსნასა და 1 პასს აგროვებდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მისი ბრწყინვალე 34-ქულიანი მატჩი იყო ნიქსის წინააღმდეგ. მამუკელაშვილმა მხოლოდ 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და NBA-ის რეკორდი დაამყარა (20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა).

2025 წლის ზაფხულში მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსს შეუერთდა, სადაც საკუთარი თავი მაღალი დონის როლურ მოთამაშედ საბოლოოდ დაიმკვიდრა. კანადური კლუბისთვის ის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა: ქართველი ცენტრი/ფორვარდი სკამიდან ძალიან პროდუქტიული იყო და პერიმეტრიდანაც ეფექტურად ისროდა.

მილუოკისა და სან ანტონიოს ყოფილმა მოთამაშემ გასულ სეზონში საშუალოდ 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა 22 წუთში. ამასთან, მისი სროლის მაჩვენებლები შთამბეჭდავი იყო — 52% თამაშიდან და 39% სამქულიანებში, საშუალოდ 3.7 სამქულიანის მცდელობით მატჩში.

მამუკელაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეპტორსის წარმატებულ სეზონში, რომლის შედეგადაც გუნდმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პლეი-ოფში კვლავ ითამაშა. - Mundo Deportivo.
2025-26 წლების სეზონში მამუს შეეძლო, ბარსელონაში გადასვლის შემთხვევაში, თავის საუკეთესო მეგობარ თორნიკე შენგელიასთან ერთად ქართველთა საკმაოდ ძლიერი დუეტი შეექმნა. მამუკელაშვილმა იცოდა ბარსელონას ინტერესის შესახებ და ტრანსფერს ისიც ამარტივებდა, რომ თავად კატალონიური კლუბის გულშემატკივარია. თუმცა, „რეპტორსში“ ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მისი ევროპაში დაბრუნება სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდებოდა.

ქართველ კალათბურთელს ტორონტოში კიდევ ერთი სეზონით დარჩენისა და 2.8 მილიონი დოლარის გამომუშავების შესაძლებლობა ჰქონდა. კანადელებისთვის ეს შესანიშნავი გარიგება იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად პროდუქტიული აღმოჩნდა მამუ. თუმცა მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, „player option“-ზე უარი თქვა და თავისუფალ აგენტად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების ძებნა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს მისით ლუკა დონჩიჩის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დაინტერესდა.

ლეიკერსმა ამ ზაფხულს სანდრო მამუკელაშვილი 4-წლიანი, 52-მილიონიანი კონტრაქტით დაიმატა. მამუს უნივერსალურობა გუნდს როგორც „4“-ე პოზიციაზე რუი ჰაჩიმურას მიერ დატოვებული სივრცის შევსებაში, ისე „5“-ე პოზიციაზე სიღრმის დამატებაში დაეხმარება.

სანდრო მამუკელაშვილს თავის დროზე შეეძლო ბარსელონას ევროლიგის მოგებისთვის ბრძოლაში დახმარებოდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მისი გზა სრულიად სხვაგან აღმოჩნდა: ახლა ის NBA-ის ჩემპიონის ბეჭდისთვის ბრძოლაში მადრიდის რეალის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმბოლოს — ლუკა დონჩიჩს ეცდება დაეხმაროს. - Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ლუკა დონჩიჩი მადრიდის რეალის ღირსებას 2015-18 წლებში იცავდა, რის შემდეგაც დალასში გადავიდა და NBA-ის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. 2025 წლიდან, დონჩიჩი ლეიკერსის წევრი გახდა.

სხვა სტატიები