"ალბათ საუკეთესო მატჩია, რომელიც ჩაგვიტარებია" - თორნიკე შენგელია
საქართველოს ნაკრებმა თბილისში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, ესპანეთთან გარკვეული დროის განმავლობაში 22 ქულითაც კი ვაგებდით, მაგრამ ნაკრებმა მე-4 პერიოდში გარდატეხა შეიტანა და ოვერტაიმში 91:89 გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ და მარკის რიდმა უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარეს. შენგელიამ 37 ქულა, 10 მოხსნა და 2 ასისტი გაიფორმა, რიდმა კი 32 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდარ ჯიკიჩმა და თორნიკე შენგელიამ ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რომელიც ნაკრებს ოდესმე ჩაუტარებია.
THE TOKOMOTIVE 🇬🇪🚂
— FIBA Basketball World Cup 🏆 (@FIBAWC) July 5, 2026
Tornike Shengelia leads the comeback with 37 points, joint-third highest tally in #FIBAWC European Qualifiers. pic.twitter.com/P1WJtqaTN9
ვფიქრობ ისტორიული გამარჯვებაა. 2.5 წელია ერთად ვართ და ყოველთვის როცა აქ ჩამოვდივარ ამ ბიჭებისგან რაღაც ახალს ვსწავლობ. თქვენ გაქვთ თქვენი ქვეყანა, თქვენი რწმენა და ეს ყველაფერი დღეს ამ ბიჭების თამაშში გამოჩნდა.
ვფიქრობ ჩემმა გუნდმა დღეს უდიდესი ხასიათი და სიმტკიცე გამოავლინა - ეს სწორედ ისაა, რაც გვჭირდებოდა.
- ალექსანდარ ჯიკიჩი.
გიჟური თამაში იყო. ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი და საუკეთესო თამაში იყო, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ოდესმე ჩაგვიტარებია. ბიჭებს ვუთხარი, რომ ანგარიშისთვის ყურადღება არ მიექციათ და უბრალოდ ბოლომდე ებრძოლათ.
პერსონალური რეკორდებისთვის არასდროს მიბრძოლია. ვფიქრობ, დღეს არაფერი გამიკეთებია ისეთი, რასაც მწვრთნელებისა და გუნდელების გარეშე გავაკეთებდი. დღეს ჩვენი ხასიათის ხარჯზე მოვიგეთ. გვწამდა, რომ შეგვეძლო და ამან შედეგი გამოიღო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში, მათ ძალიან დიდი მუხტი მოგვცეს. როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, მათ სწორედ მაშინ მოგვცეს ყველაზე დიდი ენერგია.
- თორნიკე შენგელია.
თორნიკე შენგელიამ ესპანეთთან ჩაგდებული 37 ქულით, სანაკრებო რეკორდი დაამყარა. აქამდე კაპიტნის საუკეთესო მონაგარი 31 ქულას შეადგენდა.
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა A-ჯგუფში ასპარეზობა 3 მოგებითა და 3 მარცხით, მე-3 ადგილზე დაასრულა. ამ შედეგით ჩვენი ნაკრები ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც B-ჯგუფის საუკეთესო სამეულს დაუპირისპირდება.
B-ჯგუფის საუკეთესო სამეულს საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და რუმინეთი გაარკვევენ. ნაკრებებს პირველი ეტაპის შედეგები გადაჰყვებათ და მე-2 ეტაპზე მხოლოდ მათ შეხვდებიან, ვისთანაც მანამდე არ უთამაშიათ - საბოლოოდ, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.