Belive

ცსკა-ს მწვრთნელი: "შენგელია ძლიერი ფსიქიკის გამო შევიძინეთ, გასახდელში ლიდერი გვჭირდებოდა" 

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
მოსკოვის "ცსკა-ს" მთავარმი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის თანაშემწემ ანდრეას პისტიოლისმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა. "გუნდი შეიცვალა. ისინი, ვინც ჩვენს ცხოვრებას თვალს ადევნებენ, მიხვდებიან, რომ ბევრი ცვლილება გვაქვს.  ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ კაილ ჰაინსმა დაგვტოვა. ეს არ გვინდოდა, მაგრამ მან პირადი მიზეზების გამო, მილანში გადასვლა გადაწყვიტა. ის როგორც პარკეტზე, ისე გასახდელში ჩვენი ლიდერი იყო. ჩვენ უნდა შეგვევსო მისი წასვლით გამოწვეული სიცარიელე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში ძლიერი პიროვნების პოვნა იყო და შემდეგ ძლიერი მოთამაშის. მივედით დასკვნამდე, რომ მხოლოდ თორნიკე შენგელიას მეშვეობით შეგვიძლია შევავსოთ ეს ხარვეზი, რადგან ის მაღალი დონის მოთამაშეა, ბოლო წლებში მან აჩვენა, თუ რამდენად ძლიერია იგი ფსიქიკურად. გვინდოდა, რომ ასეთი ლიდერული ხასიათის პიროვნება ჩვენს გუნდში მოსულიყო.  ჩვენ გარდავქმენით გუნდი, რომლის თამაშიც აგებული იქნება უკანა ხაზის სიძლიერეზე. ახლა ჩვენი მთავარი ძალა მძიმე ფორვარდის და ცენტრის გამართულ და ხარისხიან მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული. ასე, შესაძლოა კალათბურთის თანამედროვეობაც კი შევცვალოთ", - თქვა ბერძენი სპეციალისტის ასისტენტმა. რუსეთის დედაქალაქურ კლუბში გადასვლამდე, 28 წლის ქართველმა ლეგიონერმა 6 წელი "ბასკონიაში" გაატარა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა (2020) და ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ჩამოყალიბდა.

სხვა სტატიები