MARCA-მ ილია თოფურიას ლეგენდის ჯილდო გადასცა
ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა MARCA-მ ილია თოფურიას ლეგენდის ჯილდო გადასცა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ესპანური მედია ქართველი მებრძოლის შესახებ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
წლიდან წლამდე, ილია თოფურია (17-0) უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს. ესპანური სპორტის ისტორიაში მან 2024 წელს მნიშვნელოვანი გადატრიალება მოახდინა, სწორედ ის გახდა პირველი ესპანელი მებრძოლი, რომელმაც UFC-ის ტიტული მოიგო. ივნისში მან ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ორმაგი ჩემპიონი გახდა, ამ გამარჯვებამ MMA-ს პანთეონში აიყვანა (ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ მე-11 ორმაგი ჩემპიონია) და დაადასტურა, როგორც საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი უდიდესი სუპერვარსკვლავი მთელ მსოფლიოში. ის მიმდინარე წელს ბრწყინვალედ ასრულებს MARCA-ს ლეგენდის ჯილდოს მიღებით.
ესპანური გამოცემა ილია თოფურიასთან ჩაწერილ სრულ ინტერვიუს აქვეყნებს:
MARCA: თქვენ 2025 წელს ასრულებთ, როგორც UFC-ის ორმაგი ჩემპიონი და MARCA-ს ლეგენდა.
ილია თოფურია: მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, გულწრფელად არ ვიცი, რომელი უფრო მეტად მომწონს.
MARCA: როგორი შეგრძნებაა იყო MARCA-ს ლეგენდა?
ილია თოფურია: კარგი, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს დიდი პატივია. სპორტში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ჩემი სახელის ხსენებამ ნამდვილად წარმოუდგენლად გამახარა. აქედან გამომდინარე მინდა მადლობა გადავუხადო მთელ MARCA-ს გუნდს ამ აღიარებისთვის.
MARCA: თქვენი ყველა გეგმა ისე წარიმართა როგორც ფიქრობდით, თუ კარიერაში ასეთმა წინსვლამ თქვენც კი გაგაოცათ?
ილია თოფურია: ყოველთვის ვამბობ, რომ ცხოვრებაში ზოგჯერ არსებობს სცენარი და შემდეგ ჩნდება სხვადასხვა გზები, რომლებსაც შესაძლოა არც კი ველოდით... რადგან ზოგჯერ იმდენად ვამახვილებთ ყურადღებას საბოლოო მიზანზე, რომ თავად გზას ვივიწყებთ, თუმცა მაგია სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ეს შტოები იშლება, როდესაც მთავარი გზიდან ოდნავ გადახვევა გიწევთ, რათა სხვადასხვა სახის გამოცდილება მიიღოთ. სიმართლე ისაა, რომ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით, რაც განვიცადე. ეს დიდი წელი იყო ჩემთვის და მთელი ჩემი გუნდისთვის. ეს იმის შედეგია რაზეც მრავალი წელია ვმუშაობთ და საბოლოოდ შრომამ ნაყოფი მოგვცა, კიდევ ბევრი რამ წინ გვაქვს.
MARCA: აცნობიერებთ თუ არა, რომ ის რასაც მიაღწიეთ ძალიან რთულია?
ილია თოფურია: რა თქმა უნდა, ამაზე ხშირად ვფიქრობ. მე და ჩემი მთელი გუნდი ყოველთვის წარმოვიდგენდით ამას. ჩვენ ამისთვის ვმუშაობდით და აი აქ ვართ, ძალიან მადლიერები ვართ ყველასი, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო, ვინც პირველივე დღიდან გვიჭერდა მხარს, ვინც შემოგვიერთდა ამ გზაზე. სიმართლეს ვიტყვი, რომ ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის ამ მასშტაბებს მიაღწევდა, რომ სპორტი, რომელიც ამ ქვეყანაში პრაქტიკულად უცნობი იყო ასეთ ბუმს მიაღწევდა და ხალხი მას ასე შეიყვარებდა. გულწრფელად ვიტყვი, რომ ვერასდროს ვიფიქრებდი ამაზე.
MARCA: ეს არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
ილია თოფურია: ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, როდესაც ბავშვები მოდიან ჩემთან და ასეთი აღტაცებით მიყურებენ, როდესაც ისინი თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ სურთ ჩემნაირები იყვნენ, სწორედ მაშინ ვგრძნობ ნამდვილად ამ სიამაყეს და მადლიერებას, რადგან, ნაწილობრივ, ეს ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ სხვების შთაგონების ერთადერთი გზა მაგალითის მიცემა იყო და მიხარია, რომ შემიძლია მაგალითი ვიყო როგორც ახალი, ასევე არსებული თაობებისთვის.
MARCA: როდესაც ვინმესთვის ხარ მისაბაძი მაგალითი არის თუ არა ეს ყველაზე დიდი პატივი, რომლისკენ შეიძლება ისწრაფვოდე? არა მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის, ან ნათესავებისთვის, არამედ მათთვისაც ვინც ახლო წრის მიღმაა?
ილია თოფურია: ეს წარმოუდგენლად მაბედნიერებს. ამას ჩემს უმცროს ვაჟში ვხედავ, როგორ განიცდის ის ამას. ცხადია, ჩემს ოჯახში ბევრი სხვა ბავშვიცაა. როდესაც გარეთ გავდივართ, ბევრი სხვა ბავშვიცაა და მათ სახეებზე ამ აღფრთოვანების დანახვა ნამდვილად არის ის, რაც მოტივაციას მაძლევს.
MARCA: ფრაზა „მინდა ილია თოფურიას დავემსგავსო“ ახლა ესპანეთში ისმის.
ილია თოფურია: მართლა? მომწონს, რომ ეს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის.
MARCA: თუ გკითხავთ თავს როგორ გრძნობთ, ფეხები მიწაზე გაქვთ თუ არა? რას მიპასუხებთ?
ილია თოფურია: გეტყვით, რომ ფეხები ყოველთვის მიწაზე მაქვს, თავი კი ყოველთვის ვარსკვლავებში. სწორედ ამას ვამბობ, როდესაც წარმატების ერთ საფეხურზე ადიხარ, თავმდაბლობის ორ საფეხურს უნდა გადააბიჯო. მე მჯერა, რომ არავინ არის სხვებზე უკეთესი, არცერთი წარმატება არ გაქცევს სხვებზე უკეთესად. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, თანასწორები და ვალდებულები ვართ, რომ ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყროთ. სინამდვილეში, რაც ზოგჯერ ადამიანებში არ მომწონს არის ის, რომ როდესაც წარმატებას აღწევენ, სხვებს ზემოდან უყურებენ, რაც მე არასდროს მახასიათებდა. ვფიქრობ, რომ ეს იმ ღირებულებების დამსახურებაა, რომლებიც მშობლებმა პატარაობიდანვე ჩამინერგეს და ასევე შეიძლება ეს ჩემი წარმომავლობის გამოც იყოს. ცხადია, წარმატება და მიზნების მიღწევა კარგია, მაგრამ ვიმეორებ, ეს არავისზე უკეთესს არ გხდის.
MARCA: არის თუ არა ამაში რაიმე საიდუმლო?
ილია თოფურია: ყოველთვის შემიძლია მოგიყვეთ ჩემი გამოცდილებისა და ცხოვრების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა გადავიტანე და როგორ ვცხოვრობ... როდესაც ჩემი სული სიმშვიდეშია, სწორედ მაშინ შემიძლია კონცენტრირება შევინარჩუნო გონებრივად, ფიზიკურად და სულიერად. გზად ბევრი ცდუნებაა, ირგვლივ ბევრმა ადამიანმა შეიძლება გაგაკრიტიკოს და განგსაჯოს, სინამდვილეში კი არაფერი იციან თქვენს შესახებ და ზოგჯერ წამიკითხავს სტატიაც, რომელშიც სიმართლის ნატამალიც არ არის. მე კი ამაზე ვამბობ, რომ: ამას ჩემთან საერთო არაფერი აქვს, ცხოვრებაში ეს არასდროს მითქვამს და ასე არასდროს მოვქცეულვარ... საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი პროფესიის და სამუშაოს ნაწილია, გვიწევს, რომ მივიღოთ ის რეალობა, რომლის მიღებაც ახალგაზრდობაში ჩემთვის ცოტათი რთული იყო, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ მივეჩვიე და ახლა ყველაფრის სწორად დანახვა შემიძლია.
MARCA: როგორ პოულობთ მოტივაციას, რომ განაგრძოთ რეკორდებისა და წარმატებების მიღწევა?
ილია თოფურია: ყოველდღიური ბრძოლით. არის დღეები, როცა გაურკვევლობით და ეჭვებით ვარ სავსე... მაგრამ ვაგრძელებ იმის კეთებას, რაც საუკეთესოდ გამომდის, ანუ ვმუშაობ ყოველთვის, ვფოკუსირდები იმაზე, რომ გუშინდელზე უკეთესი ვიყო და ეს არის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა მომენტები, როცა ეს ეჭვები და ეს შინაგანი საუბრები არ მქონია. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია სირთულეები, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთია ცხოვრება. ვერავინ მოგცემს ინსტრუქციას თუ როგორ უნდა იცხოვროს და გეტყვის: ილია, მისმინე ეს არის სწორი გზა. ეს ყველასთვის პირველი გამოცდილებაა ამ სამყაროში. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ ვიღვიძებ დილით და ვცდილობ ვფოკუსირდე დადებითზე, იმაზე, რაც მაქვს და არა იმაზე, რაც მაკლია, ასევე იმაზე ვამახვილებ ყურადღებას რისი მიღწევაც მინდა, იმაზე რაც მინდა განვიცადო და იმაზე, რომ გავაგრძელო დაუვიწყარი მომენტების შექმნა საკუთარი თავისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი გუნდისთვის, გავაგრძელო, რომ სამაგალითო ვიყო.. სწორედ ეს არის რის გაკეთებასაც ყოველთვის ვცდილობ.
MARCA: არსებობს ისეთი რამ რასაც მიაღწევ, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია? მაგალითად: სამგზის ჩემპიონობა...
ილია თოფურია: ზუსტად. სწორად მიხვდით.. გზად ჩნდება გამოწვევები, რომლებიც, თუნდაც დაგეგმილი გქონოდათ, მაგრამ შეიძლება არ გამოსულიყო?კარგი, მოვიტყუები, თუ ვიტყვი: სამგზის მსოფლიო ჩემპიონობა დავგეგმე, არა? თავიდანვე ვგეგმავდი მსოფლიო ჩემპიონობას, ამისთვის ბევრი ვიშრომე, შემდეგ ცხოვრებისეული გარემოებები გაიძულებს, რომ წონითი კატეგორიები შეიცვალო, შენ იცვლი წონით კატეგორიებს, შემდეგ იქ გხვდებათ სპორტსმენი, რომელიც იმავე წონით კატეგორიას იცვლის და ხდება მსოფლიო ჩემპიონი შემდეგ წონით კატეგორიაში, ისევე როგორც შენ და ბოლოს, მაგია ხდება. ღმერთი ყველაფერს ისე ალაგებს, როგორც საჭიროა, რომ იყოს.
MARCA: თეთრ სახლში ბრძოლა სიმართლეს შეესაბამება?
ილია თოფურია: ვიტყვი, რომ კარიერის ამ ეტაპზე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თეთრ სახლში ვიმბრძოლებდი, მაგრამ ზედმეტ რაღაცებზე საუბარი არ მიყვარს. ყოველთვის მირჩევნია იმ ადამიანებმა გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული, როგორც ჩემთვისაა უკეთესი, ასევე ორგანიზაციისთვისაც. მათ თუ ჩემთან თანამშრომლობა სურთ, ცხადია მე არ ვარ ისეთი ადამიანი ვინც ამ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს.
MARCA: და თუ ეს დაიგეგმება, რა არის შემდეგი? თუ მესამე ჩემპიონობას მოიგებ, თუ თეთრ სახლში გაიმარჯვებ.. მოტივაცია ამოიწურება, თუ უფრო მაღლა წინსვლას განაგრძობ? რისი თქმა შეგიძლია?
ილია თოფურია: არ ვიცი, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ეს არის სასიამოვნო და სახალისო ნაწილი, ეს არის გამოწვევა და სწორედ აქ დევს ბრძოლა, არა? რა არის შემდეგი? და როდესაც ხანდახან გინდა ამ მოგზაურობაში ძალიან ღრმად წახვიდე, სწორედ მაშინ ჩნდება გაურკვევლობა, ეჭვები და შიშები... ამიტომ ვისწავლე, რომ ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც მაქვს უახლოეს მომავალში. ცხადია, მეც მაქვს გრძელვადიანი გეგმები, მაგრამ ახლა რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ყურადღება გავამახვილო სამმაგ ჩემპიონობაზე, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია და შემდეგ ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი.
MARCA: იცი, რომ ზოგიერთ ადამიანი შიშობს, რომ მალე კარიერას დაასრულებ?
ილია თოფურია: კარიერის დასრულების შიში? ბევრი სპორტსმენის შემთხვევაში ხდება ანალოგიური რამ.. მაგალითად, ეს მოხდა რაფა ნადალის შემთხვევაში, ჩვენ არასდროს გვინდოდა მისი კარიერის დასრულება, მაგრამ დგება დრო, როდესაც ეს ხდება. მესმის, რომ რომ ბევრ ადამიანს არ სურს, რომ ოდესმე კარიერა დავასრულო და უნდათ, რომ ხშირად მიყურონ ტელევიზორში და თვალი ადევნონ ჩემ დაპირისპირებებს, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ სპორტში ყველას ეწურება თავისი დრო და ჩემი დროც დადგება, ეს არ იქნება მარტივი. ხანდახან ამაზე მიფიქრია, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება როდესაც სპორტიდან წავიდოდი, როდესაც არ მექნებოდა ეს რუტინა, რომელიც ახლა მაქვს - დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, დიეტის დაცვა. კარიერის დასრულების შემდეგაც კი ყოველთვის ყველაზე მეტად ვიზრუნებ ჩემს სხეულზე და ჯანმრთელობაზე.
MARCA: თუმცა, რას იტყვი კრივზე? მათაც აქვთ გამოწვევები.
ილია თოფურია: საიდუმლო არ არის, რომ ყოველთვის მინდოდა კრივში ძალების მოსინჯვა, მაგრამ ვამბობდი, რომ როდესაც ორი კურდღლის დაჭერას ვცდილობდი, საბოლოოდ ვერცერთს ვიჭერდი. ასე, რომ მინდა ჯერ დავასრულო ჩემი ისტორია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში და როგორც კი დავასრულებ შემდეგ სრულად გადავერთო კრივზე. ძალიან რთულია ჯერ MMA-ს ბრძოლისთვის მოვემზადო, შემდეგ კი კრივში წავიდე.. კრივი სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს და იქ ძალიან ძალიან განსხვავებული ვარჯიშია, რომელსაც თავისებური მიდგომა და მიჩვევა სჭირდება. ჯერჯერობით აქ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ვარ, ამავდროულად მგონია, რომ დიდი დრო აღარ მაქვს დარჩენილი, ამის დასრულების შემდეგ კრივზე გადავალ და ბევრ ადამიანს გავაოცებ.
MARCA: ვშიშობ იმის გამო, რომ ამბობ, რომ დიდი დრო არ გაქვს დარჩენილი...
ილია თოფურია: აქტიურ სპორტში ცოტა დრო დამრჩა... სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი დაახლოებით რამდენი ხანი ვიქნები შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვეცდები, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე სპორტში.