ხელბურთი | მსოფლიოს შესარჩევზე ჩვენი მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის. ტურნირის შესარჩევში, საქართველოს ჯერ ისრაელთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თელავში ჩაატარებს, განმეორებითს კი 21 მარტს, თელავივში.
მსოფლიო ჩემპიონატის საპლეიოფო კენჭისყრაში საქართველო/ისრაელს შორის გამარჯვებული გუნდის მეტოქე დღეს გამოვლინდა. კენჭისყრის თანახმად, საქართველოს მეტოქედ ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ესპანეთი ერგო.
ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, საამისოდ კალენდარში მონიშნულია 13-14 მაისი, განმეორებითი შეხვედრისთვის კი 16-17 მაისი.