Belive

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი განახლდა | ქართველების დიდი წინსვლა

5 საათის წინ სხვა
5 წთ

ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ საერთო ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა - ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს, ვერცხლის მედალს ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა.

ხოლო რაც შეეხება შერეულ გუნდურ პირველობას, საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გთავაზობთ ყველა ქართველი ძიუდოისტის შედეგებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე იღებდნენ მონაწილეობას.

60 კგ

გიორგი სარდალაშვილმა პირველივე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითა მსოფლიო რეიტინგში 1000 ქულა ჩაიწერა და 12 საფეხურით დაწინაურდა - გიორგის ანგარიშზე ახლა 2980 სარეიტინგო ქულაა და ამ წონითი კატეგორიის მე-10 ნომერია.

66 კგ

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ვაჟა მარგველაშვილიც დაწინაურდა 1 პოზიციით რეიტინგში, რადგან მას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის 20 სარეიტინგო ქულა დაეწერა და ახლა 831 სარეიტინგო ქულით, იგი მსოფლიოს 57-ე ნომერია.

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 გამარჯვებით დაასრულა და მეორე რაუნდშივე შეჯიბრს გამოეთიშა - სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქართველი ლეგენდისთვის მსოფლიო რეიტინგში ცუდად აისახა და 3 პოზიციით დაქვეითდა. 2240 სარეიტინგო ქულით, ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს მე-14 ნომერია.

81 კგ

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა - ტატო გრიგალაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებით რეიტინგში 2000 ქულა დაიმატა და უდიდესი წინსვლა აქვს. ტატო 24 პოზიციით დაწინაურდა და 3540 ქულით, მსოფლიოს TOP 10-ში დაბრუნდა (მერვე პოზიციაზე).

90 კგ

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, 90 კგ-ში როდესაც ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ერთად ასპარეზობენ, 2026 წლის მსოფლიოს პირველობა პირველი იყო, როდესაც უმედლოდ დავრჩით.

ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-9/მე-16 ადგილებისთვის ბრძოლაში დაასრულა და მსოფლიო რეიტინგში 320 სარეიტინგო ქულა დაიმატა, რითაც 3 პოზიციით დაწინაურდა და 2518 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს მე-13 ნომერია.

ლუკა მაისურაძემ კი 20 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა - ლუკას ანგარიშზე 3724 ქულაა და იგი მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერია.

100 კგ

კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, 25 წლის ილია სულამანიძემ, რომელსაც 2000 სარეიტინგო ქულა ჩაეწერა აქტივში და 3 პოზიციით დაწინაურდა.

5652 სარეიტინგო ქულით, ილია სულამანიძე მსოფლიოს მეორე ნომერი გახდა და პირველ პოზიციაზე მყოფ, იტალიელ - ჯენარო პირელის მხოლოდ 48 ქულით ჩამორჩება.

+100 კგ

მძიმე წონაში მე-9/მე-16 ადგილებისთვის იბრძოლა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც 320 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა - 3029 ქულით, მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონი მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერია.

რაც შეეხება 24 წლის ირაკლი დემეტრაშვილს, მსოფლიო ჩემპიონატამდე დემეტრაშვილი მსოფლიოს მე-4 ნომერი იყო, თუმცა მსოფლიო პირველობაზე პირველივე წრეში დამარცხებამ და მისი კონკურენტების კარგმა გამოსვლამ, ირაკლი მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით უკან დაწია.

3632 სარეიტინგო ქულით, ირაკლი დემეტრაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერია.

57 კგ

57 კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე ასპარეზობდნენ.

ეთო ტიტულის დაცვასთან და წითელი არშიის კიდევ 1 წლით დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა სამწუხაროდ ფინალური დაპირისპირება იაპონელ - ომორი აკარისთან დათმო, თუმცა მსოფლიო რეიტინგში 1200 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიოს პირველი ნომრობა შეინარჩუნა!

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, ნინომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობით 20 ქულა დაიმატა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მაინც დაქვეითდა. 21 წლის ქართველი 907 ქულით მსოფლიო რეიტინგის 50-ე ნომერია.

70 კგ

საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა - ნინო გულბანმა, რომელმაც მე-9/მე-16 ადგილებისთვის იბრძოლა და 320 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში, რითაც მსოფლიო რეიტინგში 20 პოზიციით დაწინაურდა და 778 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო რეიტინგის 54-ე ნომერია.

+78 კგ

მძიმე ტრავმის გამო წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა სოფიო სომხიშვილს, რომელმაც 20 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში და მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. ახალგაზრდა ქართველის ანგარიშზე 877 სარეიტინგო ქულაა და იგი მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერია.

სხვა სტატიები