ძიუდო ისევ ინდივიდუალური სპორტი გგონიათ? | IJF-მა ბოლო დღე შეაჯამა
4 საათის წინ
სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ძიუდოს გუნდურ სულისკვეთებას უსვამს ხაზს. ბაქოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, ქართველებმა გუნდური მესამე ადგილი დავიკავეთ, თუმცა როგორც მაყურებლებმა, ამაზე გაცილებით მეტი ვნახეთ: დრამა, ბრძოლა და ჟინი - რაც მხოლოდ ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს ახასიათებთ, პასუხისმგებლობა გუნდელისა და სამშობლოს მიმართ და უკანა პლანზე გადატანილი პირადი ინტერესები.
ჩვენ IJF-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატის უცვლელად გთავაზობთ:
ყველამ იცის, რომ ძიუდო ინდივიდუალური სპორტის სახეობაა, მაგრამ მართლა ასეა? ნამდვილად დარწმუნებულნი ვართ? ყველამ, ვისაც ტრიბუნებიდან უყურებია გუნდური შეჯიბრებისთვის და, მით უმეტეს, ვისაც თავად უასპარეზია გუნდის შემადგენლობაში, იცის, რომ ეს მოსაზრება ბოლომდე სიმართლე არაა.
ცხადია, რომ შეჯიბრებისას ძიუდოისტები ტატამიზე ერთად არ გამოდიან. ძიუდოში ორ სპორტსმენს შორის ორთაბრძოლა იმართება და გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადის. ბაქოში, შვიდი დღის განმავლობაში, ჩვენ თვალს ვადევნებდით, თუ როგორ ვლინდებოდნენ მსოფლიოს ახალი ჩემპიონები ერთმანეთის მიყოლებით. ძიუდო არც ფეხბურთია და არც კალათბურთი, მაგრამ მაინც...
როდესაც შერეული გუნდური შეჯიბრების დღე დგება, არენაზე სრულიად განსხვავებული ატმოსფერო სუფევს. მეტია ხმაური, მეტი ემოცია და ზოგჯერ, უფრო დიდი ვნებაც. სპორტსმენები აღარ იბრძვიან მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ისინი ერთმანეთისთვის, გუნდისთვის იბრძვიან. ერთი ორთაბრძოლის შედეგმა შეიძლება პირდაპირი გავლენა იქონიოს ყველაზე. ეს ყველაფერს ცვლის.
გუნდური გზა მონაწილეებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს. ტატამიზე აღარ არსებობს მსოფლიოს ან ოლიმპიური ჩემპიონი. იქ არიან სპორტსმენები, რომლებიც საერთო საქმეში საკუთარ წვლილს დებენ. როდესაც გუნდში სწორი „ქიმია“ ყალიბდება, მას შეუძლია გუნდი იმაზე შორს გაიყვანოს, ვიდრე ეს წინასწარ, ქაღალდზე არსებული განაცხადით შეიძლება ჩანდეს.
ამას ყველა გუნდურ შეჯიბრებაზე ვხედავთ. გუნდს, რომელიც სუსტად მიიჩნეოდა, შეუძლია საკუთარი რიტმი იპოვოს და პროგნოზები თავდაყირა დააყენოს. გვახსოვს საფრანგეთის გამარჯვებები იაპონიასთან ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. სულ ახლახან, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავმა ტრიუმფმაც ზუსტად იგივე ძალა აჩვენა.
ეს უბრალოდ დამატებითი სანახაობაზე მეტია. შერეული გუნდური ტურნირი აერთიანებს სპორტსმენებს, რომლებიც შესაძლოა ერთად ვარჯიშობენ, მაგრამ ჩვეულებრივ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობენ და ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან. მსუბუქ წონაში გამართული ორთაბრძოლა არ ჰგავს მძიმე წონის კატეგორიის შეხვედრას, თუმცა ერთი დღით ისინი ერთი მიმართულებით მოძრაობენ.
ჩვენ შეჯიბრებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გინახავთ ოდესმე ძიუდოს ვარჯიში, თუნდაც ყველაზე პატარა დარბაზში, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანია? ასეთი რამ არ ხდება. ყველაზე დიდებულ ინდივიდუალურ ჩემპიონებსაც კი უამრავი საათი აქვთ გატარებული თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშში და როდესაც ისინი კვარცხლბეკზე დგანან, იმ მედლის ნაწილი მათაც ეკუთვნით.
სწორედ ეს არის გუნდური შეჯიბრების მაგია: ერთი დღით, თითოეული სპორტსმენის ამბიცია სხვების ბედს უკავშირდება. ინდივიდუალური ტიტულები და წარსული გამარჯვებები ადგილს უთმობს საერთო პასუხისმგებლობას, თითოეული ქულა კი კოლექტიური ძალისხმევის ნაწილი ხდება. არენის გრგვინვაში ძიუდო ავლენს ჭეშმარიტებას, რომელიც ყველაზე პატარა დარბაზშიც ცოცხლობს: თითოეული ძიუდოისტი ტატამიზე მარტო გამოდის, მაგრამ იქამდე მარტო არცერთი მათგანი მიდის. - ვკითხულობთ IJF-ის სტატიაში
მსოფლიოს 2026 წლის გუნდური შეჯიბრის ჩემპიონი იაპონიის ნაკრები გახდა. ვერცხლი რუსეთის ნაკრებმა დაიმსახურა, ბრინჯაოს მედლებს კი საქართველო და უზბეკეთი დაეუფლა.
მასალა მომზადებულია IJF-ის მიხედვით.