Belive

ნოიერი მოედნიდან ადრე გავიდა, თუმცა გერმანიის თასის ფინალისთვის მზად იქნება

10 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში, სადაც ერთმანეთს მიუნხენის ბაიერნი და კიოლნი დაუპირისპირდნენ, მანუელ ნოიერმა მატჩის მიმდინარეობისას დროზე ადრე დატოვა მოედანი მიკრო ტრავმის გამო.

რეკორდმაისტერის 40 წლის მეკარე შეხვედრის 60-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ შეცვალა. ნოიერის ნაცვლად მოედანზე სათადარიგო მეკარე იონას ურბიგი შევიდა.

ინციდენტი კიოლნის კუთხურის შემდეგ მოხდა — კარის დარტყმისას ნოიერმა სამწვრთნელო შტაბს ანიშნა, რომ თამაშის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. მოძრაობისას იგი ძირითადად მარცხენა ფეხს უფრთხილდებოდა, თუმცა ვიზუალურად კომფორტულად გამოიყურებოდა. მიმდინარე სეზონში 40 წლის მეკარეს მცირე ტრავმები არაერთხელ აწუხებდა, განსაკუთრებით კი მარცხენა წვივის კუნთი.

მომდევნო კვირას ბაიერნს DFB-Pokal-ის ფინალში შტუტგარტთან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება, წინ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატიც იყოს - შესაბამისად ნოიერის ტრავმა ამ მომენტისთვის განსაკუთრებულით დასანანი იქნებოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კაპიტანმა სწრაფადვე დაამშვიდა გულშემატკივრები. ჯერ მოედანზე დაბრუნდა, თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვება აღნიშნა, შემდეგ კი ღიმილით ასწია ჩემპიონობის თასი და აქტიურად ზეიმობდა გუნდთან ერთად. მოგვიანებით მან Sky-ს უთხრა:

„წვივის კუნთში დაჭიმულობა ვიგრძენი, მომდევნო კვირის მატჩის გამო რისკზე წასვლა არ მინდოდა.“ - ნოიერი

რამდენიმე მედია საშუალება წერდა, რომ ბაიერნის კაპიტანი ნაგელსმანის მიერ არჩეულ 55-კაციან განაცხადში მოხვდა. Sky-ს ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ეროვნული ნაკრების შემადგნელობაში დაბრუნებას, ნოიერმა უპასუხა:

„დღეს ჩემპიონობას აღვნიშნავთ და შემდეგ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს გერმანიის თასის ფინალში. დღეს სხვაზე არ ვფიქრობ“ - ნოიერი

ეს პირდაპირი უარი არ ყოფილა, თუმცა აშკარად მიანიშნებს, რომ გერმანიის ნაკრებში ნოიერის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება. მეტი დეტალი შესაძლოა შაბათს გახდეს ცნობილი, როდესაც იულიან ნაგელსმანი პირდაპირ ეთერში იმ ფეხბურთელების სიას გამოაცხადებს, რომლების მიმდინარე წლის მუნდიალზე ითამაშებენ.

სხვა სტატიები