"მინდა, რომ გუნდს წინსვლაში დავეხმარო" - გიორგი ქვილითაია
ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია რამდენიმე დღის წინ მეცის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა, მან 6-თვიანი კონტრაქტი + 1 წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა.
32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე პირველად ისაუბრა და მედიის კითხვებს უპასუხა:
რა თქმა უნდა, ამ კლუბის შესახებ ვიცოდი და ვუყურებდი მათ თამაშებს, პირველ რიგში იმიტომ რომ აქ ქართველები თამაშობენ და აქამდეც ბევრი თამაშობდა, ამიტომ მეცი ქართველებისთვის ნაცნობი გუნდია და მათ შესახებ ჩვენს ქვეყანაში ბევრმა იცის.
საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთს ბევრ რაღაცებზე ვესაუბრებით და ვუზიარებთ ამბებს, აქ წამოსვლამდეც მათთან კომუნიკაცია მქონდა.
ვფიქრობ, კარგი ტექნიკა მაქვს და კარისკენ ზურგით თამაში კარგად შემიძლია, მინდა, რომ გუნდს წინსვლაში დავეხმარო, მაქვს სხვა თვისებებიც, რომელიც სპორტულმა დირექტორმა უკვე ახსენა და იმედი მაქვს გუნდის დახმარებას შევძლებ და მივაღწევთ იმ მიზანს, რასაც ლიგა 1-ში დარჩენა ჰქვია.
ჩემი კუმირი რონალდინიო იყო, მაგრამ როგორც თავდამსხმელისთვის ალბათ უფრო ზლატანი.
ვგრძნობ, რომ გუნდი თავდაჯერებულია. როდესაც სპორტულ დირექტორს ვესაუბრე, ისიც დარწმუნებული იყო, რომ გუნდი ლიგა 1-ში დარჩება. გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც გასახდელში შევედი საკმაოდ დადებითი განწყობა დამხვდა, ამიტომ ვფიქრობ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.
ფიზიკურად არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან ზამთარში კვიპროსში დიდი შესვენება არ მქონია და სრულიად მზად ვარ. - გიორგი ქვილითაია
შეგახსენებთ, რომ მეცში გიორგი ქვილითაიას გარდა გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილიც ასპარეზობენ.
გიორგი ქვილითაიამ არისთან კონტრაქტი გაწყვიტა და საფრანგეთში გადასვლა გადაწყვიტა. ქართველი ლიმასოლის გუნდში 2 წლის წინ აპოელიდან გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა არისის მაისური 49-ჯერ მოირგო, რა დროშიც 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი/5 საგოლე გადაცემა უფიქსირდება. transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროა