Belive

MARCA: ურუგვაის ნაკრებს დიეგო ფორლანი გაწვრთნის

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს სათავეში დიეგო ფორლანი ჩაუდგება. ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სამწვრთნელო სკამზე მარსელო ბიელსა უნდა შეცვალოს.

ბიელსამ დაკავებული თანამდებობა გუნდის წარუმატებელი ასპარეზობისთანავე დატოვა - ურუგვაელებმა მიმდინარე მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის ბარიერიც კი ვერ გადალახეს, სადაც მათი მეტოქეები კაბო ვერდესა და საუდის არაბეთის ნაკრებები იყვნენ.

ურუგვაის ნაკრების ბედი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანეთთან მინიმალური ანგარიშით (1:0) მარცხმა გადაწყვიტა. ამ მარცხით დასრულდა ბიელსას სამწლიანი ერა, რომელიც გუნდის სათავეში 2023 წლის მაისში ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ 70 წლის სპეციალისტი 2024 წლის საფრანგეთის ოლიმპიურ თამაშებზე ურუგვაის 23-წლამდელთა გუნდსაც ხელმძღვანელობდა.

გავლენიანი გამოცემა Marca-ს ცნობით, ფორლანი ეროვნულ გუნდს, სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე, დროებითი მწვრთნელის სტატუსით უხელმძღვანელებს. პარალელურად, იგი იანვარში გასამართ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებსაც გაუძღვება. რაც შეეხება მთავარ გუნდს, მათ ოფიციალური შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ელით, მომდევნო მატჩები კი 2027 წლის მარტში იგეგმება.

დიეგო ფორლანმა, ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში 2002-2014 წლებში ჩატარებულ 112 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა. ამ პერიოდში მან სამ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და 2011 წელს კოპა ამერიკის ტიტულიც მოიპოვა. 47 წლის სპეციალისტმა, სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. მას მცირეხნიანი სამწვრთნელო გამოცდილება მშობლიურ კლუბებში პენიაროლსა და ატენასში აქვს, სადაც ბოლოს 2021 წელს იმუშავა.

ფორლანმა ძალები პროფესიონალურ ჩოგბურთშიც მოსინჯა და 2024 წელს, ATP Challenger Tour-ის ფარგლებში, ურუგვაის ღია პირველობაზეც კი იასპარეზა.