Belive

ლუის ენრიკე: ,,ბურთის გარეშე არსენალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია''

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა:

,,ძალიან გაგვიმართლა, რომ შარშანდელი ისტორიული სეზონის შემდეგ ამ ფინალში ვთამაშობთ. ჩემს ასისტენტს ვუთხარი: იღბლიანები ვართ (იღიმის), ჩვენ აქ ვართ! პირველივე დღიდან, პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა მქონდა, ფეხბურთში კი ამის მიღწევა ძალიან რთულია. ყოველ ჯერზე, როცა ვაგებდით, მხარდაჭერას ვგრძნობდით და, ამასთანავე, რა თქმა უნდა, არსებობს ფეხბურთელების ხარისხიც. როდესაც ფეხბურთელებს ვეძებთ, მხოლოდ მათ საფეხბურთო უნარებს არ ვაქცევთ ყურადღებას, არამედ იმასაც, თუ როგორები არიან პიროვნულად და როგორ შეუძლიათ ადაპტაცია. მოთამაშის მოყვანამდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

არსენალმა პრემიერლიგის მოგება დაიმსახურა, მათ წარმოუდგენელი წელი ჰქონდათ. მიკელ არტეტას არსენალის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გვაქვს და მათი შესაძლებლობები ვიცით. ბურთის გარეშე არსენალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ხოლო ბურთით უამრავი გოლის გატანა შეუძლიათ. ეს შესანიშნავი კომბინაციაა და მათი ფინალში ნახვა სრულიად ბუნებრივია. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, დიდებულ ფინალს ვიხილავთ.

მესიზმრება თუ არა კოშმარები არსენალის ძალიან ეფექტური სტანდარტულების გამო? არა, არანაირი კოშმარები. ისე დავიცავთ თავს, როგორც ყოველთვის. ტანმორჩილები ვართ, მაგრამ შეჩვეულები ვართ თავდაცვასა და შეტევას ჩვენებურ სტილში. სტილი განსხვავებულია, თუმცა ორივე გუნდს ბურთის ფლობის ერთნაირი სურვილი აქვს.

ჩვენ საქმეს უმრავლესობისგან ცოტა განსხვავებულად ვაკეთებთ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. დასვენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მოთამაშეებს ვარჯიშზე მოსვლა უხაროდეთ. ვივარჯიშებთ მცირე დეტალებზე, რათა კონკრეტული გზით შევუტიოთ და დავიცვათ თავი.

მე ყველაფერს ვაკონტროლებ, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთში ბევრი ისეთი რამაა, რაც მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის. თუმცა, რასაც ვხედავ, არის ის, რომ მუდმივად უნდა ვიცვლებოდეთ. საჭიროა კონტროლის ოდნავ შემცირება, რათა ხვალინდელ ფეხბურთში მეტოქეები გავაოცოთ. ფეხბურთელები ჩემს შვილზე უმცროსები არიან და ყოველ წელს გარკვეული რაღაცების შეცვლა გიწევს. მიყვარს ეს არაპროგნოზირებადობა...'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ ჟერმენი არსენალს დაუპირისპირდება. მატჩი მომავალ შაბათს, 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.

სხვა სტატიები