Belive

კონატე: "რა შიში? - იამალის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევთ"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, იბრაჰიმა კონატემ, ბოსტონში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა მომავალი მატჩი, რომელმაც ტურნირის ერთ-ერთი ფინალისტი უნდა გამოავლინოს. ფრანგმა მცველმა ესპანეთს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ „სამფეროვნებს“ არავისი ეშინიათ, ესპანეთის ნაკრების სიძლიერე კი მხოლოდ ლამინე იამალით არ შემოიფარგლება. (შეგახსენებთ იამალის სიტყვებს: „თუ ვინმეს შიშის საფუძველი აქვს, ეს პირველ რიგში მათ ეხებათ, ჩვენ ხომ ისინი ევროპის ჩემპიონატიდან უკვე გამოვთიშეთ“

- რას იზამთ იამალის წინააღმდეგ?

- სრულიად გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ამაზე კონკრეტულად არ გვიფიქრია. ესპანეთი გამორჩეული გუნდია, სადაც უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელი თამაშობს. ჩვენი მიზანი არ არის ფოკუსირება მხოლოდ ერთ მოთამაშეზე, რადგან საფრთხე მთელი გუნდიდან მოდის. პრობლემების შექმნა მხოლოდ ლამინეს კი არა, მთელ ესპანეთს შეუძლია.

ეშინია თუ არა საფრანგეთს ესპანეთის? რა თქმა უნდა, არა. მატჩის წინ მედიაში გავრცელებულ განცხადებებს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ. ჩვენ არავისი უნდა გვეშინოდეს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის თავმდაბლობა, რომლითაც ეს ტურნირი დავიწყეთ და მსგავს პროვოკაციულ მახეში არ გავებათ, განსაკუთრებით ასეთ გადამწყვეტ მომენტში. მას შეუძლია თქვას ის, რაც სურს. ჩვენ თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით და იმედი მაქვს, საფინალო სასტვენის შემდეგ, ტაბლოზე ციფრები ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდება. - განაცხადა კონატემ

მოახლოებული 1/2-ფინალის წინ, 27 წლის ცენტრალურმა მცველმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალიც გაიხსენა. ის თამაში "ფურია როხამ" 2:1 მოიგო და ერთ-ერთი გოლი იამალმაც გაიტანა. კონატეს თქმით, იმ მატჩში, საფრანგეთი კონკრეტული ფაქტორების გამო დამარცხდა.

ის ძალიან რთული მატჩი იყო. იმ თამაშში ჩვენ ნაკრებს, განსაკუთრებით დაცვის ხაზს, ერთმანეთთან არანაირი შეთამაშება არ ჰქონდა. რომ არა ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, შეხვედრაც სულ სხვა სცენარით წარიმართებოდა. - იბრაჰიმა კონატე

მსოფლიო ჩემპიონატი, ნელ-ნელა, დასასრულს უახლოვდება. 2026-ის მუნდიალი უკვე ნახევარფინალურ ფაზაშია შესული. ხვალ, 14 ივლისს, მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპი სწორედ ესპანეთისა და საფრანგეთის მატჩით დაიწყება. შეხვედრა "დალას სტეიდუმზე", არლინგტონში გაიმართება.

სხვა სტატიები