იაია ტურემ დიდი ისტორია დაწერა | პირველი აფრიკელი, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა
ბრატისლავას სლოვანმა ოთხშაბათს სლოვენიურ ცელიესთან დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა და კლუბის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის საგზური. მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში ნამდვილი ზეიმი გაიმართა - ფეხბურთელები გუნდის მთავარ მწვრთნელს, იაია ტურეს მისივე ცნობილი სიმღერით შეხვდნენ და გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს.
Yaya Touré has become the first African manager to take a team to the Champions League group stage 📈
— Football on TNT Sports (@footballontnt) August 27, 2026
The dressing room scenes last night 🙌
(via @SKSlovan) pic.twitter.com/D4i5Yf4urh
ამ წარმატებით კოტ-დ'ივუარელმა სპეციალისტმა ისტორია დაწერა - იგი გახდა პირველი აფრიკელი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ევროპული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გაიყვანა.
2020 წელს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ტურე ასისტენტად მუშაობდა დონეცკის ოლიმპიკში, გროზნოს ახმატში, ლისის სტანდარდსა და საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებში, ასევე წვრთნიდა ტოტენჰემის ახალგაზრდულ გუნდს.
მიმდინარე ზაფხულს ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, რომელსაც 2009 წელს ბარსელონას შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი სამუშაო მიიღო. ტურეს დებიუტი შთამბეჭდავი გამოდგა - სლოვაკეთის ჩემპიონატში მისმა გუნდმა საწყისი ოთხივე შეხვედრა მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიმდევრობით ჩამოიცილა: იბერია 1999, შვედური მიალბი და სლოვენიური ცელიე.
აქამდე აფრიკელ სპეციალისტებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ძირითად ეტაპზე არასდროს უასპარეზიათ. 2020 წელს ნდუბუისი ეგბომ ალბანურ ტირანასთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი ტურნირზე, თუმცა მისი გუნდი მაშინ ბელგრადის პარტიზანთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.