გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე შვედური გუნდი კვლავ აქტიურად მუშაობს
სარაევოს ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე შვედური აიკი კვლავ აქტიურად მუშაობს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოსნიურმა კლუბმა სტოკჰოლმის გუნდის წინადადება დაბლოკა, რადგან მათთვის გაკეთებული შეთავაზება საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ შვედები დანებებას არ აპირებენ და 24 წლის ქართველი ფორვარდის დამატება კვლავ სურთ, ამის შესახებ ინფორმაციას ბოსნია ჰერცოგოვინის სპორტული საიტი Sportsport აქვეყნებს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით გულიაშვილი სარაევოს უახლოეს მომავალში დატოვებს, მის მიმართ ინტერესს კი სხვა კლუბებიც იჩენენ, მათ შორისაა ზაგრების დინამოც.
ბოსნიური მედია გიორგი გულიაშვილზე ასეთ რამეს წერს:
ბოლო თვეში თავდამსხმელმა თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ის უახლოვდება იმ ფორმას, რის გამოც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი ევროპული კლუბი დაინტერესდა. ის ფაქტი, რომ ის ფორმაში დაბრუნდა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, ამ ფეხბურთელის ფასი კიდევ უფრო მაღალი გახდება, ამიტომ შვედებს გულიაშვილის მოსაყვანად მსუყე თანხის გადახდა მოუწევთ. - Sportsport
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი/8 საგოლე გადაცემა დააგროვა. სულ სარაევოს მაისური 69-ჯერ მოირგო და 23 გოლი/15 ასისტი უფიქსირდება.