ეგოიანმა გაიტანა, თუმცა დამარცხდა - ქართველის შეფასება გრონინგენთან
ნიდერლანდების ჩემპიონატის მერვე ტურში, ექსელსიორმა გრონინგენს უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა. ერთადერთი, რაც ამ მატჩის ნათელი წერტილია, ირაკლი ეგოიანის გოლია.
ისევე, როგორც ექსელსიორის მატჩების უდიდეს ნაწილში, ირაკლი ეგოიანი არ იცვლება - დღესაც მან სრულად ჩაატარა შეხვედრა. ანგარიში სტუმრებმა მე-7 წუთზე გახსნეს, ხოლო ირაკლი ეგოიანმა ანგარიში 36-ეზე აღადგინა. ამის შემდეგ გოლები მხოლოდ სტუმრებს გაჰქონდათ.
მიუხედავად ექსელსიორის საშინელი თამაშისა, ქართველის პირადი სტატისტიკა უმჯობესდება - ეგოიანს 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. არაა გასაკვირი, რომ ექსელსიორის შემადგენლობაში მას ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა - 7.1-დან 7.9-დე (sofascore-სა და whoscored-ის მიხედვით).
ექსელსიორს ცუდი პერიოდი აქვს - გუნდმა უკანასკნელი 4 შეხვედრიდან 2 წააგო და 2 ფრედ ითამაშა. ეგოიანის გუნდი ჩემპიონატის მეცხრე ადგილზეა.