Belive

არც ფოტო, არც მაისური - ბენინის ნაკრები შეურაცხყოფილია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესის ბოლო მატჩი არგენტინის ნაკრების მაისურით, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო კარიერის ზეიმი უნდა ყოფილიყო, თუმცა საღამომ მოულოდნელი კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ბენინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გერნოტ რორმა განაცხადა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მის ფეხბურთელებს არგენტინელთა ვარსკვლავებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

„მონუმენტალზე“, სადაც არგენტინამ ბენინი ანგარიშით 3:0 დაამარცხა, მესიმ ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 85 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა ლეგენდარულ არგენტინელს ემოციური გაცილება მოუწყო. მიუხედავად ამისა, სტუმართა ბანაკისთვის მატჩისშემდგომი წუთები სულაც არ ყოფილა სასიამოვნო.

ეს უკიდურესად რთული იყო. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. არგენტინელებმა ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი დაუთმეს. მესისთან ფოტოც კი ვერ გადავიღეთ. მაისურების გაცვლა გვინდოდა, მაგრამ ვერცერთი ვერ მივიღეთ.

გვირაბში შესვლის უფლებაც კი არ მოგვცეს. უსაფრთხოების სამსახური ყველას აბრუნებდა. ზოგიერთ ფეხბურთელს თან მაისურები ჰქონდა წამოღებული, რომ კოლეგებთან გაეცვალათ, მაგრამ ყველანაირი მცდელობა წყალში ჩაიყარა.

ერთადერთი რაც მოხერხდა, ლიონელ სკალონიმ, მესის 2018 წლის ფორმაზე ხელი მომიწერა. ნახევარი საათი ველოდი, მაგრამ არაუშავს, დიდი ამბავი არ არის. - განაცხადა ბენინის ნაკრების მწვრთნელმა, გერნოტ რორმა

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას ამ ბრალდებებზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რორის განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ პირადად მესიმ უარყო ყველა თხოვნა - კრიტიკა უფრო მეტად იმ მკაცრ ზომებსა და შეზღუდვებს შეეხო, რომლებიც არგენტინელთა სადღესასწაულო საღამოს თან ახლდა.

კიდევ ერთი შენიშვნა საღამოსთან დაკავშირებით იყო ის, რომ 'მონუმენტალზე' ბილეთის ფასები ძალიან მაღალი იყო, რამაც 'ნამდვილი' გულშემატკივრების ნაკლებობა და ძირითადად, ინფლუენსერებისა და 'მაღალი ფენის' საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება გამოიწვია.

სხვა სტატიები