Belive

სინერს ვერ აჩერებენ | იტალიელმა ნოვაკ ჯოკოვიჩის ფენომენალური რეკორდი მოხსნა

1 დღის წინ ჩოგბურთი
2 წთ

რომის მასტერსის 1/4-ფინალში, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა - იანიკ სინერმა, რუსი - ანდრეი რუბლევი დაამარცხა და მასტერსის 1/2-ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გამარჯვება იანიკ სინერისთვის რეკორდული იყო და მან ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩის ფენომენალური რეკორდი მოხსნა - კერძოდ, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იანიკ სინერმა მასტერსის შეჯიბრზე ზედიზედ 32-ე მატჩი მოიგო და ნოვაკ ჯოკოვიჩის 2011 წელს დაფიქსირებული რეკორდი (ზედიზედ 31 გამარჯვება) დაამხო.

იანიკ სინერმა ყველაფერი ინდიან უელსის მასტერსიდან, მარტში დაიწყო, რომელიც მოიგო, შემდეგ იყო მაიამის მასტერსი, ამის შემდეგ მან მონტე კარლოს მასტერსი მოიგო, შემდეგ მადრიდი და ახლა ერთ ნაბიჯშია რომისა და მიჯრით მეხუთე მასტერსის მოგებასთან.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მისი მთავარი კონკურენტი - კარლოს ალკარასი ტრავმირებულია და მისი შეჩერება სხვებს უბრალოდ არ შეუძლიათ...

რუბლევთან გამარჯვების შემდეგ მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რას ნიშნავდა მისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩის ფენომენალური შედეგის გაუმჯობესება, რაზეც იანიკ სინერმა ძალიან საინტერესო პასუხი გასცა.

"მე რეკორდებისთვის არ ვთამაშობ, უბრალოდ ჩემი ისტორიისთვის ვთამაშობ. ამავდროულად, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩემი პრიორიტეტი ფიზიკურად აღდგენაა. აქ, იტალიელი გულშემატკივრების თანდასწრებით თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. დღეს კარგი დღე იყო და მიხარია, რომ ტიტულს კიდევ უფრო მივუახლოვდი..." - იანიკ სინერი

ასე და ამგვარად, იანიკ სინერი რომის მასტერსის 1/2-ფინალში გავიდა და არარეალურად მაგარ სვლას განაგრძობს. მასტერსის 1/2-ფინალში სინერი მეტოქე ესპანელ - მარტინ ლანდალუსსა და რუს - დანილ მედვედევს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები