Belive

ზაზა დოლიძე: "ვფიქრობ ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და დარწმუნებულები ვართ, ასე გაგრძელდება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა, თბილისურ დერბიში ერთმანეთს "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ, მატჩი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით - 4:3 დასრულდა. მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას გიორგი კიკაჩეიშვილის მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა, რომელსაც რამდენიმე საკამათო მომენტზე მუშაობა მოუწია. აღნიშნული ეპიზოდები განხილვის საგანი გახდა და მას სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა. "საბურთალოს" თავკაცმა მსაჯის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა და მთავარ არბიტრს მიკერძოებულობაში დასდო ბრალი.   ამ პოსტის შემდეგ, Live.ge "დინამო თბილისის" გენერალურ დირექტორს, ზაზა დოლიძეს დაუკავშირდა და გუშინდელ მატჩში მონაწილე მეორე გუნდის პოზიციაც მოისმინა. "ვფიქრობ, რომ ეს ლევანისგან ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო. გავეცანით ტექსტს და ჩვენთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო "დინამოს" ამ კონტექსტში მოხსენიება. კლუბისა და ლევანისადმი ჩვენი დიდი პატივისცემიდან გამომდინარე, ჩვენ ამ სტატუსს ვერ შევაფასებთ და ცეცხლზე ნავთს აღარ დავასხამთ. ვიმედოვნებთ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის პოზიცია არ წარმოადგენს ოფიციალურად კლუბის პოზიციას. გუშინდელ შეხვედრაში, მსაჯის გადაწყვეტილება რამდენად მართებული იყო ამას შესაბამის შეფასებას სამსაჯო კომიტეტი მისცემს, ჩვენი მხრიდან კი დავძენთ, რომ ჩვენს წინააღმდეგაც არაერთხელ შემცდარა მსაჯი, თუმცა არასდროს, არამცთუ ოპონენტი გუნდის ხსენება, არამედ მსაჯის კრიტიკაც კი არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. კლუბებს შორის ერთმანეთთან უკვე წლებია კარგი ურთიერთობაა და დარწმუნებული ვართ მომავალშიც ასე გაგრძელდება", - თქვა დოლიძემ ჩვენთან საუბრისას. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, გათამაშებას ბათუმის "დინამო" და გორის "დილა" 10 ქულით ლიდერობენ, "დინამო თბილისი" და თბილისის "ლოკომოტივი" კი 7-7 ქულით მესამე პოზიციას ინაწილებენ. რაც შეეხება "საბურთალოს", მათ 6 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ

სხვა სტატიები