Belive

"ყოველთვის ჩემი ისტორიის ნაწილი იქნებით" - კუკურეია ჩელსის გულშემატკივრებს ემშვიდობება

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარკ კუკურეიამ სოციალურ ქსელებში ლონდონის ჩელსის ქომაგებისადმი მიძღვნილი ემოციური ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. 28 წლის მარცხენა მცველმა სტემფორდ ბრიჯი ოფიციალურად ჯერ კიდევ ივნისში დატოვა და "არისტოკრატებში" გატარებული ოთხწლიანი ეტაპი შეაჯამა.

მადრიდის რეალთან შეთანხმება ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაფორმდა. მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრებს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და დამსახურებული გახანგრძლივებული შვებულება მიიღო, ფეხბურთელი ახლა მზადაა, დედაქალაქში ესპანელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს შეუერთდეს.

"ერთად გატარებული 4 სეზონის შემდეგ, დამშვიდობების დრო დადგა. მქონდა დრო, რომ დავფიქრებულიყავი და გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ერთად განვცადეთ. აქ ბავშვივით ჩამოვედი, დიდი ოცნებით: მომეგო ბევრი ტიტული და მემათამაშა ჩემპიონთა ლიგაში. გვქონდა რთული დასაწყისი, ეს სიმართლეა. მაგრამ თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევის წყალობით, ვითარების შემოტრიალება შევძლებით. მადლობა ამ კლუბსა და მის მაღალ მოთხოვნებს. დღეს გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ლონდონი სამუდამოდ ჩემი სახლი იქნება და თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემი ისტორიის ნაწილი.

არ დამავიწყდება ჩემი სიმღერის მოსმენა იმ მაგიურ საღამოებზე "სტემფორდ ბრიჯზე". ტიტულები, რომლებიც ამ გზაზე მოვიგე და მთელი ის სიყვარული, რომელიც გამომიცხადეთ. ახლა კლუბს უკვე ზრდასრული მამაკაცის სტატუსით ვტოვებ. თქვენი წყალობით ჩემი მრავალი ოცნება ავისრულე და მინდა ყველას ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მწვრთნელებსა და პერსონალს: ყველა იმ რჩევისთვის, რაც მომცეს; თანაგუნდელებს, ყველაფრისთვის, რაც ერთად გამოვცადეთ და არასოდეს დამავიწყდება და ყველას, ვინც "კობჰემში" მუშაობს, იმისთვის, რომ პირველივე დღიდან თავი სახლში მაგრძნობინეთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ "ჩელსის" ვიხილავ იმ ადგილას, სადაც გეკუთვნით და იმსახურებთ ყოფნას. ერთხელ ლურჯი, სამუდამოდ ლურჯი", - ამბობს მარკ კუკურეია.

ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლონდონის ჩელსის შემადგენლობაში 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და კონფერენს ლიგა და ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მადრიდულ გრანდთან კუკურეიამ კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა.

სხვა სტატიები