"ვნახოთ რა მოხდება" - ჰარი კეინი ოქროს ბურთის მოგების შანსებზე
ჰარი კეინი, 2026 წლის ოქროს ბურთის მოგების შანსებზე საუბრისას, საკმაოდ თავშეკავებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. კეინმა გერმანიაში გატარებული შთამბეჭდავი სეზონის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს, იყო მაღალი დონის თავმდამსხმელი. 33 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის უპირობო ვარსკვლავი იყო და 31 ჩატარებულ შეხვედრაში, 36 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ყველა ტურნირზე ერთად კი მან, გასულ სეზონში, 51 მატჩში, 61 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, ინგლისელმა, "რეკორდმაისტერთან" ერთად, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერ თასი მოიგო.
კეინმა ოქროს ბურთის მოგების შანსებზე საჯაროდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოო შედეგი, მის კონტროლს არ ექვემდებარება. ინგლისელმა თავმდამსხმელმა აღიარა, რომ ჯილდოს მნიშვნელობა კარგად ესმის, მაგრამ საკუთარი შედეგების შესახებ, რაიმე თამამი პროგნოზის გაკეთებისგან, თავი შეიკავა.
ძალიან ამაყი ვარ გასულ წელს ჩატარებული სეზონით. ვფიქრობ, ინდივიდუალური თვალსაზრისით, ოქროს ბურთი, ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ჯილდოა. ვიცი, რომ გასულ სეზონში შესანიშნავად ვითამაშე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ახლა ყურადრება ახალ სეზონზე მაქვს გადატანილი.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ჯილდოს მე ავიღებ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ ორი-სამი თვეა დარჩენილი. ამ მომენტისთვის, ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ყველაზე მეტს ვფიქრობ. - ჰარი კეინი
Harry Kane admits it would be "amazing" to win the Ballon d'Or and says he's done all he can to get the award 🏴🏆 pic.twitter.com/NAESRvdM4M
— BBC Sport (@BBCSport) August 18, 2026
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა, ჰარი კეინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ბაიერნის თავმდამსხმელი, ოქროს ბურთს, ყველა კანდიდატს შორის, ყველაზე მეტად იმსახურებს. თუმცა, ამასთან ერთად, ლეგენდარულმა ნახევარმცველმა გულწრფელად ისაუბრა იმ დაბრკოლებებზე, რომლებმაც ჰარი კეინი შესაძლოა, ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მიღმა დატოვოს. საქმე ისაა, რომ გამოცდილი ფეხბურთელი, ტიტულების მხრივ, წლევანდელ სეზონში, ვერ დაიკვეხნის. კეინმა ამ წელს მხოლოდ ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერ თასი მოიგო. ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებიდან ჯერ პარი სენ-ჟერმენთან, შემდეგ კი არგენტინასთან გამოვარდა.
ამ შედეგების მიუხედავად, ბევრი ადამიანი, კეინს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილავს. ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი 2026 წლის 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.