Belive

ვლადიმერ მამუჩაშვილი: "არც ვფიქრობდი, რომ ნაკრებისკენ წინ ნაბიჯი გადავდგი"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულებს შორის 5 დებიუტანტი მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი “დინამო ბათუმის” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილია. აჭარული კლუბის მე-17 ნომერს Live.ge დაუკავშირდა და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახების შესახებ ესაუბრა. “საბურთალოს” ყოფილმა ფეხბურთელმა პირველი ემოციები გაგვიზიარა.
"რაც შეეხება მოლოდინს, თავიდან ვიცოდი, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში ვიქნებოდი და გარკვეულწილად ამას შევეგუე, მაგრამ პირდაპირ ეროვნულ გუნდში მოხვედრას არ ველოდი. ოფიციალური ზარის შემდეგ განსაკუთრებული ემოციები მქონდა, რომლის გამოც ამ წუთსაც ძალიან ბედნიერი ვარ. ზაფხულის განმავლობაში, იმდენად ვიყავი ევროსარბიელზე გადართული და იმდენად ვცდილობდი "დინამო ბათუმისთვის" კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპი წარმატებულად დამესრულებინა, რომ საქართველოს ნაკრებისკენ თუ წინ ნაბიჯი გადავდგი ამაზე არც კი მიფიქრია. მთლიანობაში, ვთვლი, რომ წარუმატებელი მცდელობა არ გამოგვივიდა, თუმცა მომავალში მეტის მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი შემდეგ სეზონში საერთაშორისო ტურნირებზე კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. მთლიანობაში, ძალიან დატვირთული კალენდარი გამოგვდის, ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე ჩემპიონობისთვის ბრძოლა, კონფერენს ლიგაზე ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ჭიდილი და ამ ყველაფრის შემდეგ, 6 დღით დასვენება მოვახერხე, ვცდილობდი ფეხბურთზე ნაკლებად მეფიქრა, რათა განტვირთვა მომეხერხებინა, დამესვენა და ძალები აღმედგინა. აი, დავბრუნდი და ასეთი შესანიშნავი სიახლეც შევიტყვე. მას მერე, რაც ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში დაინიშნა, პირველივე წუთიდან ნათელი გახდა, რომ ეს სპეციალისტი ეროვნულ ლიგას დიდ ყურადღებას მიაქცევდა. მან აჩვენა, რომ ყველა ფეხბურთელისთვის ნაკრების კარი ღიაა, მათ შორის ეროვნული ლიგაში მოთამაშეებისთვისაც. თანაც, ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ბოლო პერიოდში აჩვენა, რომ შორს არ ვართ იმ დონიდან, რომელზეც ევროპული გუნდები თამაშობენ, შესაბამისად, "დინამო ბათუმიდან" 7 ფეხბურთელის გამოძახებაც ლოგიკურია. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში სანდრო ალთუნაშვილთან ერთად გამომიძახეს. ჩვენ "საბურთალოს" აკადემიიდან დაწყებული ერთად მოვდივართ და იმ დონეზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურია და რაც ეროვნულ გუნდში მოხვედრას ნიშნავს, ერთდროულად მივედით. ეს ყველა ფეხბურთელისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემს გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთან ერთად თამაშიც უდიდესი გამოცდილება იქნება, რაც განსაკუთრებულად მახარებს. კონფერენს ლიგაზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ ნაკრებისთვის მზად ვარ, ეროვნულ გუნდთან ერთად ამ მატჩებში ყოფნა კი ერთი ორად გამზრდის. ყველაზე სასიხარულო ის ფაქტია, რომ ბათუმში თამაში გვიწევს, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. არ არსებობს ადგილი, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ", - თქვა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ჩვენთან საუბარში.
“ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.

სხვა სტატიები