ვიქტორ ოსიმენი | ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ბუცებიდან სკუდეტომდე და მსოფლიო აღიარებამდე
ამ ვრცელ და გულწრფელ წერილში ვიქტორ ოსიმენი საკუთარ ცხოვრებასა და შეხედულებებზე გვესაუბრება. გაიგებთ, თუ რა გზა გაიარა ნიგერიის უღარიბესი უბნებიდან ისტორიულ სკუდეტომდე და რა ამოძრავებს ადამიანს, რომლისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ თამაში არაა.
ეს არის ამბავი რთულ არჩევანზე, გამარჯვების წყურვილსა და ემოციებზე, რომლებიც ფულზე ბევრად მეტი ღირს.
წესით, ჩემი სახელი არავის უნდა სცოდნოდა.
ახლა რომ ამას კითხულობთ, ღმერთის დამსახურებაა.
დედა 2 ან 3 წლისამ დავკარგე. ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, რომ რამე დამხსომებოდა. მახსოვს მხოლოდ ერთი რამ: თუ როგორ ვყავდი ხელში აყვანილი.
მე და ჩემი 6 და-ძმა ლაგოსის ერთ ღარიბულ დასახლებაში, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. მას ოლუსოსუნი ჰქვია. შესაძლოა, გსმენიათ კიდეც - ის აფრიკაში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელის გვერდით მდებარეობს. ამბობენ, რომ იქ დღეში 10 000 ტონა ნაგავს ყრიან. იქ ნახავთ ქიმიურ ნარჩენებს, დამტვრეულ ტელევიზორებს... ყველაფერს, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ.
ეს იყო ჩემი ეზო.
როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე და ბუცები დამჭირდა, მეგობრებთან ერთად ნაგავსაყრელს მივაშურე.
-ჰეი, გაფუჭებული ნაიკი ვიპოვე! მარცხენა ფეხი! 41 ზომა!
(ერთი საათის შემდეგ...)
- ჰეი, პუმა ვიპოვე!!!! მარჯვენა ფეხი!!!! 42 ზომა!!!!!
ეს იღბლიანი დღე იყო. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი წყვილი ბუცი, რომლის გაყოფასაც შევძლებდით.
ჩვენს უბანში, ოჯახების უმეტესობა ნაგავსაყრელიდან ამოღებულ ჯართს ყიდდა. მამაჩემი კი, როცა პატარა ვიყავი, მძღოლად მუშაობდა. დედას გარდაცვალების შემდეგ, სამსახური დაკარგა და პოლიციის განყოფილების სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. თუმცა ეს ფული ბინის ქირის გადასახდელად არ გვყოფნიდა. მახსენდება ერთი ღამე, როცა დაახლოებით 12 წლის ვიყავი - ბინის პატრონს მოთმინების ფიალა აევსო და ჩვენს ბინას ელექტროენერგია გაუთიშა. შვიდივე ერთ ოთახში, სიბნელეში ვისხედით - არც ტელევიზორი, არაფერი. გარეთ გავედი, ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე.
ცაში ავიხედე და ღმერთს ვკითხე: "ბავშვი ასე უნდა ცხოვრობდეს"?
იმ პერიოდში ფეხბურთის თამაშს საერთოდ თავი დავანებე. ოჯახს ლუკმაპურის შოვნაში უნდა დავხმარებოდი. ჩემი დები ფორთოხალს ყიდდნენ - ოღონდ არა ბაზარში, არამედ ქუჩაში. ლაგოსში დიდი საცობებია, ამიტომ ფულის შოვნა გზის პირას დგომითა და მანქანებს შორის სირბილით შეიძლება. მე ძალიან სწრაფი ვიყავი, ამიტომ ბოთლის წყლის გაყიდვა კარგად გამომდიოდა. 12-ბოთლიან ყუთს თავზე შემოვიდგამდი და ველოდებოდი, როდის დამისიგნალებდნენ. მერე, სანამ შუქნიშანზე მწვანე აინთებოდა, ელვის სისწრაფით მივრბოდი მანქანასთან.
ვფიქრობდი: "მე ვიქნები ყველაზე სწრაფი ბიჭი, რომელიც მათ ოდესმე უნახავთ“.
ამით სიამოვნებასაც ვიღებდი. ვარჯიშს ჰგავდა.
ზოგჯერ, სახლში ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი, რომ ჩემს დებს ვეკითხებოდი: "შეიძლება ხვალ მეც თქვენთან ერთად გავყიდო ფორთოხალი?“
ყველაზე მძიმე სამსახური ჩემს უფროს ძმას, ენდრიუს ჰქონდა. დილის 3 საათზე დგებოდა და ქუჩაში სპორტულ გაზეთებს ყიდდა. ხანდახან გაზეთი სახლში მოჰქონდა - გარეკანზე დროგბას ან ზლატანს რომ დავინახავდი, აღტაცება მიპყრობდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. ფეხბურთი იყო მხოლოდ ის, რასაც მაშინ ვაკეთებდი, როცა არ ვმუშაობდი. თუმცა, უწყვეტად ვმუშაობდი.
ყველგან ვჩნდებოდი, სადაც კი ფულის შოვნის შანსი იყო. ერთხელ ტელეშოუშიც კი მოვხვდი, რომლის ბოლოსაც, გადაცემაში მაყურებელიც ერთვებოდა. მადლობა ღმერთს, მეც დამიძახეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირდაპირ ეთერში 10 000 ნაირა მოვიგე.
ამდენი ფული ხელში მანამდე არც მჭერია.
დაახლოებით €6 იქნებოდა.
მეორე დღეს, სკოლაში, ჩემმა მეგობრებმა დამცინეს.
"წუხელ ტელევიზორში იყავი! ერთ დღეს ქუჩაში დგახარ და წყალს ყიდი, მერე ტელევიზორში ჩნდები, ახლა კი აქ ხარ? ეს რა ჯანდაბაა?"
დიდად არ მიდარდია. ნამდვილი "ჩალიჩა“ ვიყავი. რამდენიმე წელი ლაგოსში ერთ პასტორთან ვმუშაობდი - ძალიან ცნობილი კაცი იყო, ტელევიზორშიც გამოდიოდა. ეკლესიაში ერთი პატარა ლეპტოპი ჰქონდათ და ჩემი საქმე ხალხისთვის ელექტრონული ფოსტების გამორთმევა იყო, რომ მერე პასტორს მათთვის საინფორმაციო წერილები დაეგზავნა. ყოველ 10 მეილზე, დაახლოებით 10 ცენტის ეკვივალენტს მიხდიდნენ. ისეთი მაგარი ვიყავი ამ საქმეში, ალბათ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართიც კი მექნება ჩაწერილი.
ცოტა ხნის შემდეგ დამაწინაურეს და ქუჩაში ბიბლიის შემსწავლელი წიგნების გაყიდვა დამავალეს. ერთ-ერთს "რეალობის რაფსოდია" ერქვა. ჩემი კლასელები ქუჩაში რომ ჩამივლიდნენ, დამცინოდნენ: "ახლა ბიბლიებს ყიდის??? რა ხდება საერთოდ"???
ხომ გითხარით, "ჩალიჩა" ვიყავი.
გამომუშავებულ თანხას მთლიანად ჩემს და-ძმებს ვაძლევდი საკვების საყიდლად და ქირის გადასახდელად. ღამეების უმეტესობას, ფაქტობრივად, ეკლესიაში ვათევდი. ჩვენს სახლს სახურავი თითქმის არ ჰქონდა. ჩამონგრევას იწყებდა, ამიტომ ბინის პატრონმა გვითხრა: კარგი, შევაკეთებ, ნუ ნერვიულობთო.
ვიღაც ტიპები გამოგზავნა, რომლებმაც სახურავის ნახევარი მოხსნეს და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან (იცით, მე ყველასთვის ვლოცულობ. მართლა ყველასთვის. გარდა ბინის პატრონებისა. ლოცვისას ისინი რატომღაც არასდროს მახსენდებიან).
სახლში დაბრუნება, 2024 წელი
ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვიყავი, თუ რამე არალეგალურს არ შემომთავაზებდით. ჩემი და თავის ძველ ტელეფონებს მაძლევდა ხოლმე. აი ისეთებს, გაბზარული ეკრანი რომ აქვთ. აი, ეგენი მხვდებოდა ხოლმე წილად. ღამის 2 საათზეც რომ დაგერეკათ და სამუშაო შემოგეთავაზებინათ, გიპასუხებდით.
თითქმის ორი წელი, ფეხბურთს მხოლოდ ეკლესიის გუნდში ვთამაშობდი. მერე, როდესაც 15 წლის ვიყავი და მეგობრებთან ერთად ბურთს ვაგორებდი, ვიღაცამ მითხრა: "გაიგე? მომავალ კვირას "სუპერ არწივები“ (ნიგერიის ნაკრები) ლაგოსში ჩამოდიანო“.
"სად? მისამართი მომეცი".
ავტობუსით 90 წუთის სავალი იყო, მე კი ფული საერთოდ არ მქონდა. ამიტომ ავტოსტოპით წასვლა გადავწყვიტე. ლაგოსში გვაქვს ასეთი ყვითელი ფურგონები, რომლებსაც „დანფოს“ ვეძახით. ეს ერთგვარი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მძღოლები გიჟები არიან. თუ ბავშვი ხარ ან გიჭირს, მძღოლები ნებას დაგრთავენ, უბრალოდ შეხტე შიგნით და ვინმეს მუხლებზე ჩამოუჯდე. თუ ძალიან მოინდომებ, ერთ ფურგონში 20 კაციც კი ჩაეტევა. ჰოდა, ასე ვიჯექი ხოლმე ვიღაცის მუხლებზე 30 წუთის განმავლობაში, სანამ მომდევნო გაჩერებაზე დამტოვებდნენ. მერე ისევ შემდეგ გაჩერებამდე. და ასე შემდეგ.
ბოლოს და ბოლოს, სტადიონზე მივედი. იქ ალბათ 300-მდე ბავშვი იქნებოდა. ყველა ცდილობდა, 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელების ყურადღება რამენაირად მიექციათ. იმდენი ბავშვი იყო, რომ ბურთსაც კი არ იყენებდნენ. უბრალოდ ყველას არბენინებდნენ და თუ ნელი იყავი, მაშინვე გუნდიდან გაგდებდნენ.
ჰოდა მეც ისე ვირბინე, თითქოს ჩემი სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული.
დღის ბოლოს მითხრეს: "ხვალ დაბრუნდიო".
მეორე დღესაც ისე ვირბინე, თითქოს ჩემი სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული.
და ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, სანამ, როგორც იქნა, ბურთით თამაშის ნება დაგვრთეს.
თანაც ისე საოცრად ვთამაშობდი, მართლა მეგონა, რომ რაღაცას მივაღწიე. სამი თვის შემდეგ, სულ რაღაც 30 ბიჭი დავრჩით და გვითხრეს: "ხვალ დასკვნით შესარჩევზე მოდითო".
ვარჯიშის ბოლოს ყველანი ერთად შეგვკრიბეს. იმ 30-დან 27 სახელი და გვარი დაასახელეს. მხოლოდ 3 ბავშვი დარჩა გუნდს მიღმა. და მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ოცნება დასრულდა. მწვრთნელს განმარტებას ვთხოვდი. ასეთი პასუხი გამცა: "ეს ტექნიკური საკითხია, მაპატიეო".
მახსოვს, ავტობუსით შინ როგორ ვბრუნდებოდი, ისევ ვიღაცის მუხლებზე ვიჯექი. ტირილი წამსკდა. კაცმა მკითხა: "რა მოხდა, რა გჭირსო?" ვუპასუხე: "გრძელი ამბავია-მეთქი".
"მაინც, რატომ ტირი?"
"ფეხბურთელი ვარ. უფრო სწორად, ვცადე, რომ ვყოფილიყავი".
ბევრი ამ ყველაფერს თავს დაანებებდა. მაგრამ მე ფეხბურთი ისე მიყვარდა, ამას უბრალოდ ვერ შევძლებდი. ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და თვეები გადიოდა. მერე, ერთ დღეს, ვიღაცამ მითხრა, ეროვნული ნაკრები ლაგოსში ორ კვირაში ბრუნდებაო.
ვუთხარი, როგორც კი ჩამოვლენ, მაშინვე დამირეკე - მეთქი.
დადგა ის დღეც. სამუშაოს თავი მივანებე, ავტობუსს შევახტი და სტადიონისკენ გავეშურე. როცა მივედი და 600 ბავშვი დამხვდა. ყველა იმას იხვეწებოდა, რომ ვინმეს შეემჩნია.
იქ იმდენი ბავშვი იყო თავმოყრილი, რომ ემანუელ ამუნიკე, მწვრთნელი, მიკროფონთან მივიდა და თქვა: "დღეს ყველას ვერ შეგხვდებით. შეუძლებელია. ორ კვირაში აბუჯაში ვიქნებით. თუ იცით, რომ კარგი მოთამაშე ხართ - მართლა კარგი - მაშინ აბუჯაში ჩამოდით და იქ შემხვდით".
აბუჯა მანქანით 9 საათის სავალზე იყო. მე კი მანქანა არ მყავდა. ვიცნობდი ერთ კაცს, რომელსაც, ალბათ, აგენტს დაარქმევდით, თუმცა უფრო "უბნის აგენტი" ეთქმოდა. ვუთხარი: "ყველაფერი დამთავრდა-მეთქი". ორი კვირის შემდეგ დამირეკა და მითხრა: "მანქანა ვითხოვე, წავედით“.
ვკითხე: "სად უნდა დავრჩეთ?"
მიპასუხა: "ნუ ნერვიულობ, აბუჯაში ჩემი ძმა ცხოვრობს".
გამგზავრების წინა დილას საშინლად ვნერვიულობდი. მანამდე ჩემი ქალაქი არასდროს დამეტოვებინა. აგენტი მირეკავდა.
ვუთხარი: "დაივიწყე. არსადაც არ მივდივარ. აქ კარგად ვარ-მეთქი". მამაჩემმა გაიგო, რაც ხდებოდა და მითხრა: "უნდა წახვიდე“. ბევრი არ ულაპარაკია. უბრალოდ, თქვა: "უნდა წახვიდე".
და მივხვდი, რომ მართალი იყო. სახლიდან ერთი ზურგჩანთითა და ორი ხელი ტანსაცმლით წავედი. ერთი მეცვა, მეორე კი, მწვანე ფორმა, ჩანთაში მედო. აბუჯაში ისეთი ძველი მანქანით წავედით, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ. შუაღამისას ჩავედით. მეორე დილით მზე ამოვიდა და დავინახე 1 მილიონი ბავშვი, რომელსაც ერთი ოცნება აერთიანებდა.
შეიძლება "1 მილიონი" გადაჭარბებაა, თუმცა სტადიონის გარეთ 900 ბავშვი მაინც იცდიდა. პირველ დღეს მოედანზე ფეხიც კი არ დამიდგამს. მეორე დღეს კი ერთ-ერთმა მწვრთნელმა, როგორც იქნა, ჩემკენ გამოიშვირა თითი.
"მწვანე მაისური. წავედით. 15 წუთი გაქვს." მხოლოდ 15 წუთი ჩემი ცხოვრების შესაცვლელად. ვიცოდი, მათზე შთაბეჭდილების მოხდენის ერთადერთი გზა სირბილი იყო. ჰოდა, მეც იქამდე ვირბინე, სანამ ოფლის ნაცვლად სისხლი წამომივიდა.
საბოლოოდ, 15 წუთში 2 გოლი გავიტანე.
ვიფიქრე, რომ შანსი მქონდა. მაგრამ მერე მწვრთნელები მიკროფონთან მივიდნენ და ხალხს მიმართეს. მათ რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელეს, ჩემი სახელი კი არ გამიგონია. ყველამ ავტოსადგომისკენ დაიწყო სვლა.
ჩემი ოცნება დაიმსხვრა. უკვე მანქანაში ვჯდებოდი, როცა ვიღაცის ხმა შემომესმა.
“ჰეი! ჰეი! ბიჭი მწვანე მაისურით!”
ჰაა?
მოვტრიალდი. ბავშვები ხელს მიქნევდნენ.
მკერდზე ისე მივიშვირე თითი, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე.
მე მეძახიან??
უკან გავიხედე.
"ბიჭი მწვანე მაისურით!”
მათკენ მივირბინე, მითხრეს: "მწვრთნელს შენი ნახვა უნდა. გუნდის ექიმმა უთხრა, რომ შენ იყავი ის ბიჭი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა. ხომ შენ ხარ ის?"
ვუპასუხე: "მე ვარ ის ბიჭი!!! მე ვარ ის ბიჭი"!!!!
სტადიონზე დავბრუნდი; ექიმი ჩემკენ მიანიშნებდა და ორი თითი ჰქონდა აწეული.
თქვა: "ის არის".
რომ არა გუნდის ექიმის ეს საქციელი, დღეს ფეხბურთელი არ ვიქნებოდი. ალბათ, სადმე უფსკრულის ფსკერზე აღმოვჩნდებოდი.
მხოლოდ 15 წუთი ჩემი ცხოვრების შესაცვლელად. ვიცოდი, მათზე შთაბეჭდილების მოხდენის ერთადერთი გზა სირბილი იყო. ჰოდა, მეც იქამდე ვირბინე, სანამ ოფლის ნაცვლად სისხლი წამომივიდა.
მიუხედავად ამისა, სინჯებს დასასრული არ უჩანდა. თუ გაგიმართლებდა და გუნდში მოხვდებოდი, მათთან ერთად სასტუმროში რჩებოდი. მე კი კვლავ ჩემი აგენტის ძმასთან ვცხოვრობდი. მათ ბავშვებს სკოლაში ვაცილებდი და ჭურჭელს ვრეცხავდი. მახსოვს, ისეთი მორიდებული ვიყავი, ვერც კი ვიაზრებდი, რომ საჭმელი, რომელსაც მისი ცოლი მაგიდაზე დებდა, ჩემთვის იყო განკუთვნილი. ვარჯიშიდან სახლში ვბრუნდებოდი, საჭმელს დავინახავდი და მეგონა, ნარჩენები იყო. პურის ნაჭერს მოვტეხდი, სახლის უკან გავიტანდი და მალულად ვჭამდი.
ერთ დღეს, მისმა მეუღლემ სადილის მზადებისას მკითხა: "რა ხდება? ჩემი მომზადებული საჭმელი არ მოგწონს?"
ვკითხე: "ჩემთვისაა"?
მან მითხრა: "რა? რა თქმა უნდა! ალბათ შიმშილით კვდები!"
როდესაც, როგორც იქნა, გუნდში ნამდვილად ამიყვანეს და სასტუმროში საწოლი მომცეს, მას ვუთხარი: "დიდი მადლობა. თქვენ მე გადამარჩინეთ. ყოველთვის ვილოცებ თქვენთვის. ახლა ჩემი ოჯახის წევრი ხართ".
ჩემი ცხოვრება ძალიან სწრაფად შეიცვალა. მომდევნო წელს ჩილეში, 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ წავედით და იქ შეუჩერებელი გავხდი. 7 თამაშში 10 გოლი გავიტანე და "ოქროს ბუცი" მოვიგე. მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. ამას არავინ ელოდა. თვითონაც კი არ ველოდი. მახსოვს, როცა მსოფლიო ჩემპიონატიდან დავბრუნდი, ცოტაოდენი ფული მომცეს. როგორც იქნა, მილიონერი გავხდი, ოღონდ, საუბედუროდ, ნაირებში. ჰაჰაჰა. ანუ, სულ რაღაც რამდენიმე ათასი ევრო მქონდა. ჩემს დებს დავურეკე და ვუთხარი: "ყველა თქვენგანს ერთოთახიანი სახლიდან ოროთახიანში გადაგიყვანთ. ყველაფერი მოგვარებულია. მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ თქვენს ლოცვებში მომიხსენიოთ".
რამდენიმე წლის შემდეგ, "ვოლფსბურგში" გადავედი და იმდენი ფულით დავსაჩუქრდი, რამდენიც სიზმარშიც კი არ მენახა. მახსოვს, ტელეფონში საბანკო აპლიკაციას გამუდმებით ვანახლებდი. განვაახლე. ისევ ღარიბი ვარ. განვაახლე. ისევ ღარიბი ვარ. განვაახლე... და რიცხვი შეიცვალა, თანაც ძალიან გაიზარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიცრუე იყო. კინაღამ ჭკუიდან გადავედი და სიხარულისგან დავხტოდი.
არადა, ორი წლის წინ, წყლის ბოთლებს 10 ცენტად ვყიდდი.
კარგ დღეს, შეიძლებოდა, სულ რაღაც 2 დოლარი მეშოვა.
ახლა კი ტელეფონის ეკრანზე მილიონს ვხედავდი.
თვალები მოვიფშვნიტე.
მესიზმრება?
განახლება. განახლება. განახლება.
არა, ეს რეალობაა.
მუხლებზე დავეცი და ღმერთს მადლობა გადავუხადე.
მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი: "სახლის პატრონისთვის ქირის გადახდაზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ. ამიერიდან სახლის პატრონი თქვენ იქნებით".
მამაჩემისთვის მძღოლიც კი ავიყვანე. ის უკვე ბერდებოდა და გულის პრობლემებიც ჰქონდა. მაგრამ ამაყი კაცი იყო და მითხრა: "ეს რად მინდა? მე ხომ თავად ვიყავი მძღოლი! შეინახე ფული!"
ვუპასუხე: "მაგრამ ამ ადამიანსაც ხომ სჭირდება სამსახური".
მან მითხრა: "კარგი. ჯანდაბას. ჩემთან იქნება, შენ ფული გადაუხადე. ოღონდ მანქანას თავად ვატარებ".
ასე მოხდა - მისი მძღოლი მგზავრის სკამზე იჯდა, მამა კი მანქანას მართავდა. ერთადერთი, რაც მას სურდა, პოლიციის განყოფილებაში თავის ძველ მეგობრებთან ერთად დროის გატარება იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ვოლფსბურგიდან ლილში გადავედი, მამაჩემის ჯანმრთელობა გაუარესდა. მე სულ შორს ვიყავი. შემდეგ კი, კოვიდის დასაწყისში, საავადმყოფოში დააწვინეს. მე საფრანგეთში ვიყავი გაჭედილი, სრულიად მარტო ვიყავი. ფეხბურთი გაჩერებული იყო. აეროპორტები - დაკეტილი. ჩემს აგენტს ვურეკავდი და ვცდილობდი, ნიგერიის მიმართულებით კერძო რეისი დამეგეგმა. ავიაციის სამსახურისგან ნებართვაც კი მივიღე თვითმფრინავის დასასმელად. მხოლოდ კლუბისა და აგენტის დასტური მჭირდებოდა.
ველოდი, ველოდი და ველოდი.
მამას მდგომარეობა უარესდებოდა.
პანიკამ მომიცვა. ყოველ საათში ვრეკავდი და ნებართვას ვითხოვდი.
აი, აქ უკვე ფეხბურთის ბინძური მხარე დავინახე. ბიზნესი. გესმის? მათ ჩემი გაყიდვა უნდოდათ. ტრანსფერზე მსჯელობდნენ. ამიტომ, ჩემი ყოფილი აგენტი სულ იმას მიმეორებდა: "ცოტა რთული სიტუაციაა. უბრალოდ მოიცადე. უბრალოდ დაიცადე“.
ქვემოთ ჩავედი და ოჯახის წევრებისგან 20 გამოტოვებული ზარი დამხვდა. ჩემს ძმას FaceTime-ით გადავურეკე. მითხრა: „მამა აღარ არის".
შემდეგ მან კამერა მიაბრუნა და მამაჩემი დამანახა.
"დაემშვიდობე..."
მახსოვს, ტელეფონი მოვისროლე და უბრალოდ გავგიჟდი. მთელი სახლი დავლეწე. ყველაფერი დავამსხვრიე. გონება დავკარგე. ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ. მე ძალიან მიყვარს ჩემი მეზობლები. როცა საფრანგეთში მარტო ვიყავი, მათ მე ოჯახის მაგივრობა გამიწიეს. ერთ-ერთი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა და მეუბნებოდა, რომ წინ კიდევ ბევრი რამ მელოდა.
5 თუ 6 საათი ჩემთან ერთად გაატარა და ალბათ რაღაც სისულელის ჩადენისგანაც გადამარჩინა.
დანაშაულის შეგრძნება მქონდა. მისი ყველა შვილი და შვილიშვილი იქ, მის გვერდით იყო.
მხოლოდ ერთი ადამიანი არ იმყოფებოდა მასთან.
განრისხებული ვიყავი.
ვფიქრობდი: "თუ ფეხბურთი ეს არის, მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს? მე უბრალოდ ჩემს ოჯახთან ყოფნა მინდა".
ჩემს ყოფილ აგენტს დავურეკე და ვკითხე: "შემიძლია წავიდე მამაჩემის დასაკრძალად?"
მან მიპასუხა: "წადი. ოღონდ პარასკევისთვის უკვე აქ უნდა იყო".
გავიფიქრე: "პარასკევს? მიმიფურთხებია ფეხბურთისთვის".
როდესაც სახლში დავბრუნდი, მართლა ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი, შესაძლოა, აღარასდროს მეთამაშა. ყველაფრის მიმართ ზიზღს ვგრძნობდი.
ხშირად ვეუბნები ხოლმე ხალხს: "ეს გამივლია, ძმაო. მართლა ყველაფერი მინახავს".
არ ესმით, რას ვგულისხმობ.
მე მხოლოდ ნაგავსაყრელის გვერდით გაზრდაზე არ ვსაუბრობ.
არც უშუქოდ გატარებულ ბავშვობაზე.
მე ვამბობ, რას ნიშნავს, როდესაც დაკარგული ხარ. ეს ძალიან მძიმე თემაა.
როცა ლილი დავტოვე, სრულიად გზააბნეული ვიყავი.
როდესაც ნაპოლიში მოვედი, საკუთარი თავი ვიპოვე. მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქს, გულშემატკივრებს და ჩემს გუნდელებს ჩემი ცხოვრების შემობრუნებისთვის.
მახსოვს პირველი შეხვედრა: როცა ჩამოვედი, მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის ვუთხარი: "თავს კარგად არ ვგრძნობ. ახლა ძალიან გაბრაზებული და დარდიანი ვარ. თავში ყველაფერი არეული მაქვს“.
სპალეტი ჩემთვის მამასავით იყო. როდესაც რამეს არასწორად ვაკეთებდი, ყველაფერს პირში მომახლიდა ხოლმე. მაგრამ სულის სიღრმეში მას ჩემი სჯეროდა. ფიქრობდა, რომ შემეძლო მსოფლიოში საუკეთესო გავმხდარიყავი.
თამაშში 2 გოლს რომ გავიტანდი, გასახდელში შემოვიდოდა, პირისპირ დამიდგებოდა. თავს ძალიან ახლოს მოიტანდა და ჩურჩულით მეუბნებოდა...
"Cazzo!! დღეს 4 გოლის გატანა შეგეძლო. ხვალ ვიდეოს განახებ".
ჩემი მოსვლის შემდეგ, ნაპოლი "ძველმა გვარდიამ" დატოვა: კულიბალი, ინსინიე, მერტენსი - ყველანი წავიდნენ.
თუმცა 2022/2023 წლების სეზონში, ჩვენ მოვიყვანეთ კვარა, რასპადორი და კიმ მინ-ჯე.
მაშინ ყველამ გაიფიქრა: „ოო! ეს უკვე საინტერესოა...“
ხშირად ვყვები ხოლმე: სეზონი ისე ბრწყინვალედ დავიწყეთ, რომ საწვრთნელ ბაზაზე ბებიებმაც კი დაიწყეს მოსვლა-მეთქი.
ნეაპოლში რაც უფრო კარგად თამაშობ, მით უფრო ხანდაზმულ ხალხს ხედავ ვარჯიშებზე.
თავიდან მხოლოდ ულტრასები მოდიან. არიან ახალგაზრდები.
მერე ახალგაზრდები მამებთან ერთად მოდიან.
შემდეგ უკვე ხედავ შვილს, მამას და პაპას.
მაგრამ ნაპოლიში, როცა ცხრილის სათავეში ხარ, მოულოდნელად ეტლით მოსარგებლე ბებიებიც ჩნდებიან ხოლმე, რომლებიც გეტყვიან: „შვილო, შენთვის ვლოცულობ“.
"არავინ ითხოვს შენგან მარადონასავით თამაშს, იმიტომ, რომ მასავით ვერავინ ითამაშებს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ამ გერბისთვის ირბინო და ოფლი დაღვარო“.
მახსოვს, ჩემპიონატს 8 ქულით ვლიდერობდით და ვიფიქრეთ: "კარგი, ეს საქმე მოთავებულია". გარკვეულწილად, ეს ბუნებრივიცაა.
ვარჯიშებზე არასდროს ვხუმრობდით, რადგან სპალეტი ამის უფლებას არავის აძლევდა. თუმცა, იმ დღეს, ზედმეტად თავდაჯერებულად ვგრძნობდით თავს. ვარჯიშზე, ბიჭები ძირს სპეციალურად ეცემოდნენ, აფორმებდნენ, ყვიროდნენ: „ჯარიმაა! სადაა მსაჯი?! ჰეი!“ - მხოლოდ იმისთვის, რომ ყველას გაეცინა.
სპალეტიმ თამაში გააჩერა და 30 წუთის განმავლობაში უბურთოდ გვარბენინა.
მეორე დღეს, გასახდელში ისევ ვიცინოდით.
მოედანზე გავედით და... ბურთები არსად ჩანდა.
"ირბინეთ! ირბინეთ, სანამ არ გეტყვით, რომ გაჩერდეთ" - მოგვიჭრა სპალეტიმ.
ყველამ კაპიტანს, დი ლორენცოს გავხედეთ. მან კი გვითხრა: "აბა რა გითხრათ? მე რისი გაკეთება შემიძლია?"
მწვრთნელს ბოდიში მოვუხადეთ. ფაქტობრივად, მუხლებზე დაჩოქილები ვეხვეწებოდით, ის კი საერთოდ არაფერს ამბობდა.
ბურთი ორი დღის განმავლობაში არ გვინახავს.
და როდესაც ბურთი დაგვიბრუნდა, სიხარულისგან ლამის ცრემლები წამოგვივიდა.
მას შემდეგ მაიმუნობა აღარავის უცდია.
სპალეტის თავის კაბინეტში ეძინა. იქ პატარა საწოლი ჰქონდა მოწყობილი. ზუსტად ისე, როგორც ჯარში.
სახლში ცოლი ელოდებოდა, თუმცა ხუთი თვის განმავლობაში, ბაზაზე ათენებდა და აღამებდა.
მახსოვს, დიდი მატჩების წინ გვეუბნებოდა: "თქვენ ვერც კი ხვდებით, რა მოხდება, თუკი ტიტულს მოიგებთ".
"ჩემზე შესაძლოა 2 ან 3 წელი ილაპარაკონ. მაგრამ თქვენ, ფეხბურთელები, ყველას სიბერემდე ემახსოვრებით".
ყველა მუდმივად იმ გოლზე მეკითხება, რომელიც ბოლო ტურში გავიტანე და რომელმაც სკუდეტო გაგვინაღდა. რა გითხრათ, ეს უბრალოდ გოლი იყო. დაუჯერებელი მომენტი. თუმცა, რადგან გასვლაზე ვთამაშობდით, ბოლომდე ვერც კი ვიაზრებდით, რა მოხდა და რას მივაღწიეთ.
ეს მხოლოდ მაშინ ვიგრძენით, როცა ქალაქში დავბრუნდით და ხალხის ემოციები საკუთარი თვალით ვიხილეთ. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყველაზე მეტი, რაც შემიძლია გითხრათ, ესაა...
სკუდეტოს მოგებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენს საწვრთნელ ბაზასთან უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. მანქანა გავაჩერე, რომ მათ მივსალმებოდი და ხელი ჩამომერთმია. იქ ერთი კაცი იდგა თავის შვილთან ერთად, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა. სურდა, ჩემთვის ვიდეო ეჩვენებინა.
ეს იყო კადრები 80-იანი წლებიდან, როცა ნაპოლიში მარადონა თამაშობდა. იმ კაცმა ინგლისური საერთოდ არ იცოდა, თვალები კი აცრემლებული ჰქონდა.
ვიკითხე: "რას ამბობს?"
ვიღაც გულშემატკივარი დასახმარებლად მოვიდა.
მითხრა: "შენ 1000 წლის განმავლობაში ყველას ეხსომები. მაშინაც კი, როცა ჩვენ მტვრად ვიქცევით, შენ ისტორიას მაინც შემორჩები".
აი, რატომ ვთამაშობ ფეხბურთს - სწორედ ამ გრძნობისთვის.
ტიტულის მოგება ერთი საკითხია, მაგრამ ნაპოლისთვის 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოპოვება - ეს უკვე ნამდვილი ისტორიაა.
სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს გუნდები ჩემს კარიერაში.
როდესაც ნაპოლი დავტოვე, ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა: "თურქეთში არ წახვიდე. ხომ არ შეიშალე"? ყოფილმა აგენტმა ისიც კი მითხრა: "არა, არა, არა. იქ არ წახვიდე. არასწორი ნაბიჯი იქნება".
თუმცა, მე გადაწყვეტილებებს გულით ვიღებ. გალათასარაიში თამაში თავად მსურდა.
როგორ შეიძლება ნაპოლის ამხელა ემოციების შემდეგ, ჩვეულებრივ კლუბში გადავიდე?
შეუძლებელია. მოსაწყენია.
მსურდა ისეთ გუნდში გადავსულიყავი, რომელიც საფეხბურთო ვნებისა და ემოციების თვალსაზრისით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. სწორედ ასეთ ხალხს ესმის ჩემი ყველაზე კარგად. მათ, ვინც ფეხბურთით სხვაგვარად ცხოვრობს.
კონტრაქტის გაფორმებამდე, ოქან ბურუქს ტელეფონით ვესაუბრე. მითხრა: "მინდა იცოდე, რომ მე პიროვნულად - როგორც ადამიანი, როგორც მწვრთნელი და როგორც მამა - ისე გეუბნები: მსურს, ჩემს კლუბში ითამაშო. ზუსტად ვიცი, ეს გულშემატკივარი ძალიან შეგიყვარებს. ეყვარები მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი გექნება, ეს ის კლუბია, რომელიც ყოველთვის მხარს დაგიჭერს".
სანამ თურქეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში ავიდოდი, ყველაფერი ღმერთს მივანდე.
შუაღამისას, აეროპორტში გალათასარაის 3000 გულშემატკივარი მელოდა. თანაც კერძო აეროპორტში! ისინი ჩემს ფრენას თვალს ადევნებდნენ! ხალხი მთელი გულით დამხვდა. ეს გრძნობა კი ფულზე ბევრად ძვირადღირებულია.
ჩემი თუ არ გჯერათ, ვან დაიკს ჰკითხეთ. ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულთან მატჩის შემდეგ, ასეთი რამ მითხრა: "ეს რა ატმოსფეროა?!"
მე ვუთხარი: "ძმაო, გულწრფელად რომ გითხრა, აქ რომ არ მოვსულიყავი და საკუთარი თვალით არ მენახა, ალბათ ვერც დავიჯერებდი".
როდესაც აქ ჩამოვედი, ყველა ამბობდა: "იქ რას აკეთებს? რა ესაქმება გალათასარაიში"?
თუმცა, თუ ჩემს ისტორიას გაეცანით, პასუხიც უკვე გეცოდინებათ. როცა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე "ოქროს ბუცი" მოვიგე, ერთმა რეპორტიორმა მკითხა: "არავინ გიცნობდა, ახლა კი შენი სახელი ყველამ იცის. რისი მიღწევა გსურს?"
ჩემი პასუხი დღესაც ზუსტად ისეთია, როგორიც 15 წლის წინ - როცა ჯერ კიდევ ტალახში ვცხოვრობდი.
მწვერვალების დაპყრობა.
მინდა, ვიყო შთაგონება იმ მილიონობით ბავშვისთვის, რომლებიც ჩემსავით გაიზარდნენ. ბავშვები, რომლებსაც ყოველდღე უწევთ ბრძოლა ლუკმაპურისთვის. რომლებიც საცობებში წყალს ყიდიან. რომლებიც ნაგავსაყრელებზე ჯართს დაეძებენ. ბავშვები, რომლებიც წვალობენ. ოცნებობენ. ლოცულობენ...
ბედნიერებას ფული არ მანიჭებს. მით უმეტეს - პოპულარობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ცნობადობა სინამდვილეში ძალიან მოსაწყენი რამაა.
ნამდვილ აღტაცებას ის მანიჭებს, როდესაც შინ, ნიგერიაში ვბრუნდები, ან სტამბოლის ქუჩებში ჩვეულებრივი ჰუდით ვსეირნობ და მაინც მე ვარ - ისევ ის ვიქტორი.
შემიძლია, თითოეულ ბავშვს დაველაპარაკო და ვუთხრა: "ჰეი, მეც თქვენნაირი ვიყავი. ბავშვი, რომელსაც ერთი "ნაიკის" ბოტასი ეცვა და ერთიც "პუმასი". ერთი 41 ზომა, მეორე კი - 42".
ღმერთის წყალობით, მე ეს შევძელი.
დაე, ჩემი ისტორია ბავშვებისთვის იმის მტკიცებულება იყოს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
შენ შეგიძლია ყველაზე ღრმა უფსკრულიდან დაიწყო და მაინც... მაინც...
შენი სახელი მათი ბაგეებიდან 1000 წლის განმავლობაში ისმოდეს.