Belive

ვინჩენცო მონტელა: "უბრალოდ არ გაგვიმართლა - ასეთია ფეხბურთი..."

4 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ამბიციური გუნდი, თურქეთის ეროვნული ნაკრები, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა.

ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ჯგუფის მეორე ტურში, უმძიმეს და უდიდესი ვნებათაღელვის მქონე მატჩში, პარაგვაისთან 0:1 წააგეს. ამ მარცხით თურქებმა პლეი-ოფში გასვლის ყოველგვარი თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ნაადრევად ეთიშებიან მსოფლიო ჩემპიონატს. ორი მატჩი, 0 ქულა, 3 გაშვებული და რაც ყველაზე საგანგაშოა - 0 გატანილი გოლი. აი, ასეთია თურქული ფეხბურთის ნამდვილი კოშმარი.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა - ვინჩენცო მონტელამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდს ამ ორ თამაშში საშინლად არ უმართლებდა, ამ ყველაფერს კი იმას აბრალებს, რომ მათ გამარჯვებები 'არ ეწერათ'.

„ვარტყამთ და ბურთი ძელს ხვდება. ხან ხარიხას ხვდება, ხან გვერდითა ძელს. მომენტებს ვქმნით, მაგრამ უბრალოდ არ შედის. მომენტები რომ არ გვქონოდა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ამდენი შანსი გავანიავეთ... სულ იმაზე ვფიქრობ, კიდევ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ პასუხი არ მაქვს. როცა არ გიწერია, არ გიწერია. ბედისწერა ჩვენს მხარეს არ იყო...

ფეხბურთში 35 წელია ვარ. ასეთი თამაშები 50 მატჩში ერთხელ ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ზედიზედ ორ შეხვედრაში გამოვცადეთ. კარისკენ 60-ზე მეტი დარტყმა განვახორციელეთ. ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებლებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ.

ძალიან ვწუხვარ. მოლოდინი უდიდესი იყო და ბოდიშს ვუხდით თურქ ხალხს იმედების გაცრუებისთვის..." - ვინჩენცო მონტელა

დიდი ალბათობით, მუნდიალის დასრულებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ვინჩენცო მონტელას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

თურქული მედია ნაკრების ამ გამოსვლას ისტორიულ სირცხვილს უწოდებს. სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა გუნდისთვის, რომელსაც შემტევ ხაზში უდიდესი პოტენციალი ჰქონდა:

მუნდიალის დაწყებამდე საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ თურქეთი ამ ჯგუფის ფავორიტი თუ არა, პლეი-ოფში აუცილებლად გამსვლელი მაინც იყო. მათი ასეთი კრახი კი საფეხბურთო სამყაროში დიდი განხილვის საგანი გახდება.

ბოლო ტურში ავსტრალია და პარაგვაი მეორე საგზურისთვის ერთმანეთში იბრძოლებენ, თურქეთის ნაკრებისთვის კი აშშ-სთან მატჩი მხოლოდ პრესტიჟის თამაშად იქცა.

სხვა სტატიები