Belive

ვინ შეცვლის კუმანს? - ბარსელონას მთავარი კანდიდატი შერჩეული ჰყავს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გუნდის ცუდი შედეგების გამო, "ბარსელონას" ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავენ. ეს ყველაზე გვიან სეზონის ბოლოს მოხდება, თუმცა შესაძლოა ეს პროცესი იქამდეც, მოვლენათა განვითარების მიხედვით დაჩქარდეს. უკვე ცნობილია იმ კანდიდატების ჩამონათვალი, რომლებიც კატალონიურ კლუბს რონალდ კუმანის შემცვლელად შეიძლება მოევლინონ. ესპანური Sport.es-ის ინფორმაციით, ეს შესაძლოა "ლივერპულის" თავკაცი, იურგენ კლოპი იყოს. "ბარსელონას მიაჩნია, რომ ეს გარდამავალი სეზონია და ნიდერლანდელი სპეციალისტის მისამართით გამოცხადებული ნდობაც მეტწილად ამით გამოიხატება. რაც შდეეხება მომდევნო სეზონს, აქ კატალონიელები ორი პოზიციის გაძლიერებას გეგმავენ: ცენტრფორვარდისა და მთავარი მწვრთნელის. "გუნდისთვის ჩავის ფიგურა ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ იურგენ კლოპი მთავარი ვარიანტია. "ბარსა" სეზონის დასრულებას ელოდება, რათა გერმანელი სპეციალისტისთვის რამდენადაც შესაძლებელია მაცდური წინადადება მოამზადოს. ასევე, კლოპის ალტერნატივა არის კიდევ ერთი გერმანელი სპეციალისტი - "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი, მაგრამ მას "არისტოკრატებთან" გრძელვადიანი კონტრაქტი და პროექტი აქვს, რაც მის მოსვლას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. ამჟამად "ბლაუგრანას" უმთავრესი საზრუნავი, სამწვრთნელო შტაბის სწორად ჩამოყალიბება იქნება, რადგან მთავარი გუნდის მომავალი სწორედ ამაზე იქნება დამყარებული", - წერს Sport.es-ი. ​"ბარსელონას" ლა ლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციას იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში გამართულ სამ შეხვედრაში 2 წაგება და ერთადერთი გამარჯვება, შესაბამისად - 3 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.  

სხვა სტატიები