Belive

"ვილის მენტალიტეტი არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება" - იაშვილმა Bild-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

ვილი სანიოლის დანიშვნა საქართველოს ნაკრებში

ორივე სწრაფად დავრწმუნდით, რომ უნდა გვეთანამშრომლა. რამდენჯერმე მქონდა საუბარი ვილისთან, მაგრამ პირველი საუბრის შემდეგვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ზუსტად ჩვენთვის შესაფერისი ადამიანი იყო. ვილის როგორც მწვრთნელს, როგორც პროფესიონალს ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. მას სურს მოიგოს ყველა თამაში და არ ეშინია მეტოქის. მისი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე წარუმატებლობის შემდეგაც გუნდს ანიჭებს დაცულობის შეგრძნებას და აძლიერებს ფეხბურთელებს. ეს არის ჩვენი იდეა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ რწმენა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის, შესაძლებელია. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მათ ყველა თამაშში უნდა ჰქონდეთ.

ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი 

დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას შეუძლია ნებისმიერი ტოპ გუნდის გაძლიერება. მაგრამ ძნელი სათქმელია, უნდა გადავიდეს იგი პირდაპირ ისეთ კლუბში, როგორიცაა "ბაიერნი", თუ შუალედური ნაბიჯი გადადგას სათამაშო პრაქტიკისა და გამოცდილების მისაღებად. ჩემთვის ერთი რამ ცხადია: კვარაცხელიას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავი გახდეს. ყოველთვის, როცა მის ვარჯიშს ვუყურებ, ბედნიერი ვარ მისი წარმოუდგენელი ნიჭის გამო.
კვარაცხელიას გარღვევის შესანიშნავი ნიჭი აქვს, ადვილად უვლის გვერდს მეტოქეს ერთი-ერთზე, ყოველთვის ცდილობს თამაში ააჩქაროს თავისი უზარმაზარი სისწრაფის მეშვეობით. მას ასევე შეუძლია დიდი მეტოქეებისთვის გოლის გატანა, მაგალითად როგორც ეს მარტში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ესპანეთის წინააღმდეგ (1:2) გააკეთა. ის ასევე ბევრს მუშაობს დაცვაში და გუნდს ეხმარება.

რატომ არ თამაშობს დღეს ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში?

არ ვიცი და ძალიან ვნანობ ამ მდგომარეობას. ეს უკიდურესად გაზრდიდა ჩვენი ეროვნული გუნდის ხარისხს, რაც უფრო მეტი ქართველი ითამაშებდა უმაღლესი რანგის ლიგებში. მაგალითად, კვარაცხელიას ბუნდესლიგაში გადასვლა შესანიშნავი ნაბიჯი იქნებოდა. როდესაც გერმანიაში ვთამაშობდი, ქართველი ფეხბურთელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი მენტალიტეტი იყო, ყველაფერი ძალიან მარტივად მივიღეთ. ახალი თაობა უფრო მოწესრიგებული, გონებრივად უფრო ძლიერია - უბრალოდ უკეთესია, ვიდრე მაშინ ვიყავით. ყველაზე კარგი ის იქნებოდა, რომ ვილის გუნდის ორ ფეხბურთელს "ფრაიბურგში" ეთამაშა, ისევე როგორც ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და მე 20 წლის წინ.

სხვა სტატიები