Belive

ვილი სანიოლი: "ნორვეგიას ჰყავს ჰოლანდი, ჩვენ - კაშია"

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

2023 წლის პირველი მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა:

"ნორვეგია ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დონის ნაკრებებთან თამაშის კარგი გამოცდილება დავაგროვეთ. მსურს, რომ, ის კარგი შედეგები და სათამაშო ფორმა, რომელიც 2022 წელს ვაჩვენეთ, გავაგრძელოთ და 2023 წელიც კარგად დავიწყოთ.

რაც შეეხება ლუჩიანო სპალეტის, ის არ ცხოვრობს საქართველოში და შორიდან შესაძლოა გარკვეული განცხადებები აკეთოს. მას შემდეგ, რაც მე საქართველოში ჩამოვედი, ყველა პოზიციას პატივს ვცემ და ერთ ან მეორე მხარეს არ ვიხრები და მარჯვენა ან მარცხენა პოლიტიკურ პოზიციას არ ვირჩევ. მე მხოლოდ ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არაფერი მეტი. მინდა, რომ საქართველოს წარმატებები ვუსურვო, რადგანაც ამ ქვეყანამ კარგად მიმიღო და მსურს საუკეთესო მომავალი ჰქონდეს.

ვფიქრობ, რომ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მსურს, რომ ნაკრებში გამოვიძახო, აქ იმის გამო არ მოდის, რომ ლამაზ სასტუმროში იცხოვროს, ლამაზი ავტობუსით იმგზავროს და კვარაცხელია ნახოს. მსურს, რომ ყველა მათგანს მიეცეს თამაშის შესაძლებლობა. ასევე, ვფიქრობ, რომ გაბრიელ სიგუას, რომელიც ნაკრებში ბოლოს გამოვიძახე, სათანადო დატვირთვა მიეცემა, მე კმაყოფილი ვარ მის მიერ ნაჩვენები ბოლოდროინდელი თამაშებით.

ზოგადად, სხვა გუნდების თამაშზე და მათ ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. რაც შეეხება ნორვეგიის ნაკრებს, თუ მათ ერლინგ ჰოლანდი ჰყავთ, ჩვენ გურამ კაშია გვყავს - ამ თემაზე საუბარს ასე დავასრულებ. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მიხარია, რომ ის ჯანმრთელად და კარგ ფორმაშია და ჩვენთან ერთადაა. თუ რომელ პოზიციას მოირგებს ის, ამას მოედანზე ვიხილავთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

სასტუმრო "პულმანში" გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ხოჭოლავასა და ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"მართალია, რომ ხოჭოლავამ გუნდთან ერთად 90 წუთით ითამაშა, თუმცა როგორც იცით, მუხლის ტრავმა აქვს, ეს დიდი ხანია ვიცით. მისმა კლუბმა ძალიან გვთხოვა, რომ  მას ეს მატჩი ჩაეტარებინა მიუხედავასდ იმისა, რომ დღეს უკვე საავადმყოფოში მიდიოდა. სავარაუდოდ, ხოჭოლავას 6-8 კვირა გაუცდება.

მე მას პარასკევს ვესაუბრე და მითხრა, რომ საკლუბო დონეზე ამ მატჩის ჩატარება არ უნდოდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ამ ეტაპზე, ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება მისი არ გამოძახება და ოპერაციის დროულად ჩატარება იყო.

ტრავმირებულები გვყავს და პრობლემებიც არის სათამაშო წუთების კუთხით. მინდა, რომ მათ, საკლუბო დონეზე მეტი სათამაშო წუთები ჰქონდეთ, თუმცა ამას ვერ ვწყვეტ. გასაგებია, რომ ნორვეგიასთან მატჩი ძალიან პრინციპულია, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ყველა პოზიციაზე რეგულარულად მოთამაშე მყოლოდა, ეს განსაკუთრებით მარცხენა ფლანგს ეხება. თუ გიორბელიძე, აზაროვი და წიტაიშვილი საკლუბო დონეზე მეტ სათამაშო დროს ვერ მიიღებენ, მომიწევს, რომ შემდეგში ისინი სანაკრებო განაცხადში აღარ შევიყვანო. რაც შეეხება ლოჩოშვილს, ლუკას ტრავმა ჰქონდა და გარკვეული რაოდენობის მატჩები გაუცდა, რის გამოც, ამ ეტაპზე არ გამოვიძახე".

პრესკონფერენციაზე რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების შესახებაც გაკეთდა კომენტარი:

"საბა საზონოვოს არაერთხელ ვესაუბრეთ და მისი სურვილი ცხადია -  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს. ახლა ჩემი პრიორიტეტი ისაა, თუ რამდენად იქნება მზად დავალებების შესასრულებად, თუ ჩავთვლი, რომ ნორვეგიისთვის მზად იქნება - ითამაშებს. წინა შეკრებაზე მე მას კარგად დავაკვირდი. ის,  როგორც ფეხბურთელი, მომწონს.

 რუსეთსა და რუსეთიდან ფეხბურთელებს გამოძახებაზე კომენტარი მე არ გამიკეთებია, რადგან პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი. ჩემი გადმოსახედიდან, გაგნიძე და საზონოვო 2 ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რადგან რაღაც მომენტში , პოლიტიკისა და სპორტის გამიჯვნა უნდა შევძლო და ჩვენი ნაკრების საუკეთესo ინტერესებზე ვიფიქრო. გასული შეკრებების დროს, გაგნიძე მხოლოდ იმიტომ არ გამოვიძახე, რადგან ვფიქრობდი, რომ მთავარი გუნდისთვის მზად ჯერ არ იყო".

საქართველოს ნაკრები 2023 წლის მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ, ხოლო 28-ში ნორვეგიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

სხვა სტატიები