Belive

ვილი სანიოლი: "ნიდერლანდებთან სათამაშოდ იდეები გვაქვს, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან მოახლოებული ამხანაგური მატჩის შესახებ, ქალაქ ენსხედეში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის უკან რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედი მაქვს ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. ​დაფაზე დაწერილი ტაქტიკა მოედანზე სხვანაირად მუშაობს, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილია. ნიდერლანდებისა და შოტლანდიის მატჩს ვუყურე, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. გარკვეულმა სათამაშო ეპიზოდებმა და მოთამაშეებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგალითად, მემფის დეპაიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის დამსახურებაა, ვიდრე სათამაშო სისტემის.  ნიდერლანდებთან სათამაშოდ გარკვეული იდეები გვაქვს და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა", - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
“ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები