Belive

ვილი სანიოლი: "მარცხი საწყენია, მაგრამ მარტში თავს განსხვავებულად წარმოვაჩენთ "

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2022 წლის ბოლო შეხვედრა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩის ეგიდით მაროკოს წინააღმდეგ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გამართა და - 0:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, კომენტარი გააკეთა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო. 

რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს", -
თქვა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას უკვე 2023 წელს, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართავს და პირველ ტურში ნორვეგიის ნაკრებს საშინაო კედლებში დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები