Belive

ვილი სანიოლი: "ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მეორე ტაიმში ის თამაში ვიხილე, რასაც მომავალში ველოდები" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, შვედეთთან, სტუმრად - 0:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ამ პოზიციაზე მუშაობისას, პირველი მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.
"ასეთი მატჩის დასრულებიდან მოკლე დროში კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს გოლის გასატანად კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა მეტოქემ ამ ამოცანას თავი უკეთ გაართვა, რადგან მათ ერთხელ გაიტანეს, ჩვენ კი ვერა. მთლიანობაში, ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული 90 წუთის შემდეგ, ძალიან ამაყი ვარ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ვფიქრობ, მათ ყველაფერი მაქსიმალური ძალისხმევით გააკეთეს. თამაში ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელით დავიწყეთ. მეორე ტაიმში, ვნახეთ ის თამაში, რომლის ხილვაც მომავალში ნამდვილად გვსურს. გუნდმა იგრძნო პასუხისმგებლობა და  გარისკა. ეს ისეთი მატჩი იყო, საიდანაც სწორი დასკვნების გაკეთება და სამომავლოდ, გარკვეული ბაზის შექმნა შეგვეძლება. მინდა, რომ ჩვენს მეტოქეს გამარჯვება მივულოცო. მათ დღეს მოგება ნამდვილად დაიმსახურეს. სამ დღეში ესპანეთთან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. იქამდე, ფეხბურთელებს ძალების აღდგენისთვის გარკვეული პერიოდი ექნებათ, რაც ჩვენთვის დღევანდელი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, პრიორიტეტულია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდურად ვიმუშავებთ და ჩვენს მისიას შევასრულებთ, მომავალი ჩვენთვის სასიამოვნო იქნება", -თქვა ფრანგმა სპეციალისტმა სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ.
მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, "დინამო არენაზე", ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები