Belive

ვენგერი: "სიტიმ ჩემი ყველა ფეხბურთელი იყიდა! გუნდების ფინანსური კონტროლი საჭიროა"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლონდონის "არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოკვეთის საკითხს გამოეხმაურა და საკმაოდ მწვავე შეფასება გააკეთა. "თუკი არ არსებობს პატივისცემა, გამოდის რომ ჩვენ ნამდვილ სპორტთან შეხება არ გვაქვს. სატურნირო ცხრილი დიდ ფინანსებთან ყოველთვის იყო კავშირში, თუმცა "სიტიმ" ჩემი ყველა ფეხბურთელი იყიდა! ყოველთვის ვიყავი ფეხბურთში სამართლიანი თამაშის (Fair Play) ფინანსური წესების დაცვის მომხრე. თუკი დამტკიცდა, რომ "სიტი" დამნაშავეა, გუნდი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ამ საკითხში ძალიან გარკვეული არ ვარ და შესაბამისად, გადაჭრით არაფერს ვიტყვი. თუმცა აშკარაა, რომ გრანდებსა და სხვა გუნდებს შორის განსხვავება უფრო და უფრო მეტად გამოიკვეთა. შესაბამისად, მარტივად შეიძლება პროგნოზირება, თუ რა მოხდება თითოეულ საფეხბურთო ჩემპიონატში," განაცხადა ვენგერმა.

რატომ დაისაჯა სიტი?

UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინგლისელებს, ამავდროულად, სასჯელის სახით, 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. საქმე ეხება ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას. როგორც ცნობილია, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა, Der Spiegel-მა, 2018 წლის ნოემბერში გაავრცელა. სტატიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასა და ელექტრონული პოსტის ჩანაწერებში “სიტის” დანაშაული იკვეთებოდა. ამ ყველაფრით კი უეფას საგამოძიებო ორგანო დაინტერესდა, რომელმაც მკაცრი ვერდიქტი დღეს გამოიტანა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ “სიტის” მფლობელი, შეიხი მანსური, გუნდს ავიაკომპანია Etihad-ის საშუალებით ყოველწლიურად 67.5 მილიონი ფუნტით აფინანსებდა, თუმცა დოკუმენტაციაში ჩანდა, რომ Etihad-ი მანჩესტერული გუნდის ბალანსზე მხოლოდ 8 მილიონ ფუნტს რიცხავდა. უეფას ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair Play) წესების თანახმად, გუნდებმა მფლობელებისგან ფეხბურთელების ხელფასების დასაფარად დიდი თანხები არ უნდა მიიღონ და სანაცვლოდ, საჭირო ფინანსური სახსრები სპონსორებისგან მოიძიონ. უეფა მანჩესტერულ გუნდს სწორედ აღნიშნული წესის დარღვევას ედავება. უეფას სასჯელის სიმკაცრე ცხადყოფს, თუ რამდენად მძიმედ აღიქვამს ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანო სიტის დანაშაულს. მიუხედავად ამისა, “მანჩესტერ სიტი” მიღებულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ემიჯნება და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. “სიტის” დისკვალიფიკაცია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგას არ ეხება. ქალაქელები 2020/21 და 2021/2022 წლების სეზონის გათამაშებებს გამოტოვებენ.

სხვა სტატიები