ვარსკვლავური სია: მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრის წამყვანები და საპატიო სტუმრები ცნობილია
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრისთვის FIFA-მ წამყვანებისა და სპეციალური სტუმრების სია გაასაჯაროვა, სადაც სპორტის, ხელოვნებისა და სხვადასხვა სფეროდან უამრავი ვარსკვლავია წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე ფეხბურთის ლეგენდები, სხვა სპორტის სახეობების ცნობილი წარმომადგენლები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ხელოვანები შეიკრიბებიან.
მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ვეტერანი მცველი, რიო ფერდინანდი ღონისძიების მთავარი წამყვანი იქნება, რომელსაც სამანტა ჯონსონი დაეხმარება, ხოლო წითელ ხალიჩაზე ელი მენინგი იმუშავებს.
წილისყრის დროს ასისტენტებად ბეისბოლის მოთამაშე, აარონ ჯაჯი, ჰოკეის ლეგენდა, უეინ გრეცკი, ამერიკული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურა, ტომ ბრეიდი და ვეტერანი კალათბურთელი შაკილ ო'ნილი იქნებიან მიწვეულნი.
ვარსკვლავურ სტუმრებს შორის ასევე არიან კომიკოსი, კევინ ჰარტი, მოდელი, ჰეიდი კლუმი და მსახიობი, დენი რამირესი. ცერემონიის მუსიკალურ ნაწილს რობი უილიამსი, ანდრეა ბოჩელი, ნიკოლ შერზინგერი და Village People გააფორმებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ცერემონიას შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწროს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონ დი სიში, კენედის ცენტრში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.