Belive

ვალენსიას მწვრთნელი: "მამარდაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშა, მის გამო ბედნიერები ვართ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი ამ კუთხით გიორგი დემეტრაძის შემდეგ პირველი ქართველი, ხოლო მის თანამემამულეებს შორის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება მიიღო. მოედანზე გატარებულ 90 წუთში გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმული ბურთი ოთხჯერ მოიგერია, გოლი არ გაუშვა, მოედანზე მყოფ ორივებ გუნდის ყველა მოთამაშეს შორის უმაღლესი, 8.1 შეფასება დაიმსახურა და “ღამურებთან” ერთად პირველი სამი ქულაც მოიპოვა, რა შედეგითაც, მისი გუნდი, ბუნებრივია, რომ ამ მომენტში პირველ ადგილზე იმყოფება. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარის გარჯა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა შეაფასა, რომელმაც ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრაში ყოფილი გუნდი დაამარცხა.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. სიმართლე ისაა, რომ მას არ გავუკვირვებივართ. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ის სეზონის წინ ბევრს მუშაობდა. მე და ოჩოტორენამ (მეკარეების მწვრთნელი) ბევრი ვისაუბრეთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, მან უნდა გააუმჯობესოს საკუთარი თავი და გააგრძელოს მუშაობა. სიმართლე ის არის, რომ დღეს ის ძალიან კარგი იყო, როგორც დანარჩენი თანაგუნდელები. მან ფანტასტიკურად ითამაშა და ვულოცავ მას. ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი წვლილით. ის არის ახლად ჩამოსული ბიჭი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ აითვისა სრულად ენა, რომელსაც აქვს სირთულეები და ეს ნორმალურია. მან აჩვენა ძლიერი პიროვნული თვისებები და უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი ახლის სწავლის უნარი", - თქვა ბორდალასმა.

სხვა სტატიები