Belive

უეინ რუნიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელს ოთხთვიანი ტრავმა მიაყენა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეინ რუნის, რომელიც სამწვრთნელო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამს, ახალ ამპლუაში მუშაობის საწყის პერიოდში კურიოზული რამ შეემთხვა. "მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ვარჯიშის დროს საკუთარი გუნდის ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიაყენა, იმდენად მძიმე, რომ იგი 12 კვირას გამოტოვებს. "დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა ორმხრივი თამაშის დროს ჯეისონ ნაითს ტერფში ისეთი სიმძლავრით ჩაარტყა, რომ 20 წლის ირლანდიელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნული ინციდენტი პენიჰილ პარკში მიმდინარე საწვრთნელი შეკრების დროს მოხდა.
"თხები" წინა სეზონში ლიგა ერთში დაქვეითებას 1 ქულით გადაურჩნენ, ჩემპიონშიფის ახალ სეზონს კი ფინანსური პრობლემებით ხვდებიან, რის გამოც, გუნდში მხოლოდ 9 რეგისტრირებული პროფესიონალი ფეხბურთელი ჰაყვთ, საიდანაც ორი მეკარეა. ამ ფონზე, კიდევ ერთი მოთამაშის ტრავმა უეინ რუნის გუნდისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ლეგენდარულმა ინგლისელმა ეს საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. "ევერტონის" აღზრდილი ფეხბურთელი MLS-ის ბინადარ "დი სი იუნაიტედში" გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და 2020 წლის იანვრიდან "დერბიში" ჯერ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებდა, წინა წლის 15 ნოემბრის შემდეგ მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ, აი 2021 წლის 15 იანვრიდან კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სრულფასოვნად დაიკავა. 35 წლის ახალბედა სპეციალისტის ხელმძღვანელობით "დერბიმ" 35 მატჩი ჩაატარა, 10 მათგანი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 17-ში დამარცხდა.

სხვა სტატიები