Belive

"უდინეზე, მილანი... კვარას დამატება სერია A-ს ბევრ კლუბს სურდა" - იტალიელი სკაუტის ინტერვიუ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიელმა საფეხბურთო სკაუტმა, კრისტიან არგუირომ, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ იტალიურ კლუბში მუშაობდა, ამჟამად კი ხორვატულ "ისტრაში" აგრძელებს კარიერას, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ნეაპოლური კლუბის გამოჩენამდე, 21 წლის ქართველი ტალანტის დამატება არაერთ იტალიურ კლუბს სურდა, მათ შორის იყვნენ "უდინეზე" და "მილანი".

"ალგორითმი ვერ წაშლის საკუტინგისა და მოთამაშეების კვლევის ტექნოლოგიას, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს რომ ასე იქნება. ჩვენ ოცი ციფრული პლატფორმა გამოვიყენეთ და ვნახეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ კვარაცხელია 21 წლისაა, მას უდიდესი შესაძლებლობები აქვს. ასევე, ზედიზედ ორი წელიწადი მას ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ასახელებდნენ.

"უდინეზეში" მუშაობის პერიოდში გვქონდა ცალკეული ოთახი, სადაც მონიტორზე სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატს თვალს ვადევნებდით.

ვფიქრობ, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა, მაგრამ "მილანიც" საქმეში იყო, მისი თანამემამულის კახა კალაძის შუამდგომლობით. თუმცა დაკვირვების გარდა, ბევრი პროცესია, უნდა შეგეძლოს მისვლა და მასზე ადგილზე დაკვირვება, იცნობდე ოჯახს და წარმომადგენლებს. ეს უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტებია, ვიდრე უბრალოდ ციფრების ცოდნა", - თქვა კრისტიან არგუირომ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები