Belive

უდიდესი წვლილი გამარჯვებაში | ემილიანო მარტინესი და პეპლის ეფექტი

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

"პეპლის ეფექტის" თანახმად, მცირე, უმნიშვნელო მოვლენამ შეიძლება დიდი და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. თუ დავუკვირდებით, ჩვენს ცხოვრებაში ასეთ მომენტებს აუცილებლად ვიპოვით. ედუარდ ნორტონ ლორენცის მიხედვით, პეპელამ, რომელიც ფრთებს აიოვაში იქნევს, შეიძლება ინდონეზიაში წვიმების სეზონზე იქონიოს გავლენა. და რა შუაშია ეს ყველაფერი ემილიანო მარტინესთან?

2020 წლის ივნისში, "არსენალის" მეკარემ, ბერნდ ლენომ, "ბრაიტონის" ფორვარდთან, ნილ მოპესთან შეჯახებისას, მუხლი მძიმედ დაიზიანა, რის გამოც მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია. მის ნაცვლად, მოედანზე სათადარიგოთა სკამის უცვლელი წევრი, ემილიანო მარტინესი შემოვიდა - მეკარე, რომელსაც "არსენალის" ძირითადში სულ რამდენჯერმე ჰქონდა ნათამაშები. ბოლო 3 წელიწადში, ეს იყო მისი პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში.

ერთმა მაღლა ჩაწოდებულმა ბურთმა, რომელმაც ლენოსა და მოპეს შეჯახება გამოიწვია, ემილიანო მარტინესის ცხოვრებისა და კარიერის ახალი ტრაექტორია განსაზღვრა.

skysports-maupay-brighton_6000578

დარჩენილი სეზონის განმავლობაში, "არსენალის" კარის უსაფრთხოებაზე არგენტინელი მეკარე ზრუნავდა, თანაც, არცთუ ურიგოდ: ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და FA თასის ფინალში, "ჩელსის" წინააღმდეგ, "მეთოფეთა" გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

სეზონის ბოლოს, ლენომ ტრავმა მოიშუშა და ფორმაც აღიდგინა. აღმოჩნდა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, ნდობას კვლავ გერმანელს უცხადებდა. პარალელურად, მარტინესის შეძენით "ასტონ ვილა" ინტერესდებოდა, რომელიც მზად იყო, მის შესაძენად შესაძენად სოლიდური თანხა გაეღო.

emiliano

"ასტონ ვილაში" გადასვლამდე, მარტინესს არგენტინის მაისურით 1 მატჩიც კი არ ჰქონდა ჩატარებული

ტრანსფერი შედგა. მარტინესმა იცოდა, რომ "არსენალში" დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა კვლავ უსარგებლო ყოფილიყო, "ასტონ ვილა" კი ძირითად შემადგენლობაში თამაშს სთავაზობდა.

ცხოვრების ახალმა საფეხურმა მას პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მეკარის სტატუსი მოუტანა. არგენტინიდან ზარსაც არ დაუგვიანია.

საოცარია იმისი გააზრება, რომ "ასტონ ვილაში" ტრანსფერიდან 911 დღეში, 30 წლის არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ასტონ ვილაში გადაცვლამდე", იგი ნაკრებში არავის ახსოვდა. მარტინესი ცენტრალური ფიგურა იყო არამარტო კატარში, არამედ კოპა ამერიკაზეც: ორივე ტურნირზე, მარტინესს ოქროს ხელთათმანი გადაეცა - ტიტული, რომელსაც მეკარე კარის მშრალად ყველაზე მეტჯერ შენახვისთვის იღებს.

ემილიანო მარტინესი - დიდი მომენტების შემოქმედი

ასეთი მომენტები დაუვიწყარია. 120-წუთიანი თრილერის ბოლო მონაკვეთში კოლო მუანის ისეთი ბურთი აუღო, რომლის გაშვებაც, შეიძლება მისთვის არც კი დაგვებრალებინა. პეპლის ეფექტი აქ ახალ ეტაპზე გადავიდა: რომ არა ემი მარტინესის საოცარი სეივი, მსოფლიო მედია ისაუბრებდა, რომ არგენტინას კვლავ არ გაუმართლა, რომ წარმატებასთან ახლოს მყოფმა გუნდმა ტრიუმფი კიდევ ერთხელ დათმო, გააკრიტიკებდნენ სკალონის, დაუწუნებდნენ ტაქტიკურ ცვლილებას - ერთი სიტყვით, მოხდებოდა ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ მარტინესმა მწვერვალზე ასვლის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

პოზიციის ზუსტად შერჩევისა და შენარჩუნების შედეგად, მარტინესმა კოლო მუანის აიძულა, რომ კარის მიმართულებით, ძლიერად დაერტყა. საპასუხოდ, არგენტინელი მაქსიმალურად გაიშალა და ბურთს მის მიღმა გაღწევის პოტენციური არეალი მაქსიმალურად შეუზღუდა.

მარტინესი ადგილზე იდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოლო მუანი მას გვერდს ვერ აუვლიდა. დაბალი და რბილი დარტყმა იმდენადვე სარისკო იყო, რამდენადაც თავზე გადაგდების შესაძლო მცდელობა. ყველაზე ეფექტური გამოსავალი მბაპეს მიმართულებით გადაცემის გაკეთება და ამ უკანასკნელის პოკერი იქნებოდა, მაგრამ დაძაბულობის პიკმა თავისი გააკეთა - ახალგაზრდა ფრანგმა გადამწყვეტი დარტყმის შესრულება თავის თავზე აიღო და ვერ გაიტანა.

"აინტრახტის" ფორვარდს ურიგოდ არ დაურტყამს, თუმცა მარტინესმა კიბორგივით იმოქმედა. მნიშვნელობისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, უდავოდ, ტურნირის საუკეთესო სეივი იყო.

ლიონელ სკალონიმ პირველ 49 მატჩში კარის დაცვა 7 მეკარეს მიანდო და საბოლოოდ, არჩევანი მარტინესზე შეაჩერა - ფინალური მატჩის ჩათვლით, 26 მატჩში, ემიმ კარი მშრალად 17-ჯერ შეინახა და სულ რაღაც 13 გოლი გაუშვა.

11-მეტრიანი დარტყმების მეფე

როდესაც საქმე პენალტების სერიამდე მიდის, მარტინესი აგრესიას მიმართავს, რაც მეტოქეს წნეხში ამყოფებს. ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნული მიდგომა ქმედითია. მეტიც, ამ თემასთან დაკავშირებით აკადემიური კვლევაც არსებობს, რომელიც იუწყება, რომ რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში უწევს ფეხბურთელს პენალტის შესასრულებლად ლოდინი, მით უფრო იზრდება შანსის ვერგამოყენების ალბათობა.

საფრანგეთთან, პენალტების სერიაში, მარტინესი თითოეულ მეტოქესთან ვერბალურ ომს იწყებდა და მსაჯის ჩარევამდე, რამდენიმე სიტყვის თქმას ასწრებდა.

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, თუ როგორ შეიძლება მეკარის შანსის გაზრდა პენალტების სერიაში. არგენტინელის გეგმა ასეთი იყო: მას უნდა გაეკეთებინა რაიმე იმისთვის, რომ მეტოქის გონებაში მას ადგილი დაეკავებინა", - თქვა "ასტონ ვილას" მეკარეების მწვრთნელმა, ნილ ქათლერმა.

მარტინესმა ეს ხერხი კოლუმბიის წინააღმდეგ, კოპა ამერიკას ნახევარფინალში, შემდეგ ნიდერლანდებთან, ბოლოს კი საფრანგეთთან გამოიყენა. პენალტების 3 სერიაში, 14 დარტყმულიდან, 6-ის (!!!) აღება მოახერხა, ერთხელ კი აურელიენ ჩუამენიმ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

"მარტინესი ემოციური და ენერგიით სავსეა, ტიპიური სამხრეთ ამერიკელი. გამარჯვების წყურვილი აქვს და ყოველდღე ვითარდება", - დაამატა ქათლერმა.

სხვა სტატიები