Belive

,,თუ იტალიას პირველ გოლს გავუტანთ, ავტობუსს ჩავაყენებთ'' - ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბარბარესმა, იტალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია იტალიისთვის, თუმცა ჩვენთვისაც არანაკლებ. მეტიც, სიმართლე ითქვას, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან, იგი კიდევ უფრო მეტს ნიშნავს.

ჩემი ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია. ერთადერთი, ვინც თავს ცუდად გრძნობს, მე ვარ, რადგან უელსში ხმა დავკარგე. გასულ ხუთშაბათს გამართული შეხვედრა, რომელიც პენალტების სერიამდე მივიდა, მძიმე აღმოჩნდა, თუმცა კმაყოფილები ვართ და ძალების აღსადგენად დროც გვქონდა. ჩვენი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სირბილი და იმედი გვაქვს, რომ ძალას ბოლომდე შევინარჩუნებთ.

იტალიის ნაკრებზე ბევრი საუბარი არ მსურს, მათ ყოველთვის შეუძლიათ სიურპრიზი შემოგვთავაზონ, მაშინაც კი, თუ იდეალურად მოვემზადებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გეგმა ა, გეგმა ბ და გეგმა გ. ყველა დეტალზე უნდა ვიზრუნოთ, ვითამაშოთ გაბედულად და უშიშრად.

ასევე, ცოტაოდენი იღბალი და გოლების გატანის უნარი დაგვჭირდება. თუ დავწინაურდებით, საკუთარ კართან ავტობუსს ჩავაყენებთ, ხოლო თუ პირველს ისინი გაიტანენ, ამ ავტობუსს მოედნის მეორე ბოლოში გადავიყვანთ. არ ვიცი, ღირს თუ არა ახლა ექსპერიმენტები მას შემდეგ, რაც წელიწადნახევარია ერთი და იმავე სქემით ვთამაშობთ.“ - სერგეი ბარბარესი

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ბოსნიას დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ბოსნიელებმა უელსს სტუმრად პენალტების სერიაში მოუგეს.

ფინალური მატჩი ხვალ, 31 მარტს, ბოსნიაში გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.