Belive

„წყლის შესვენებები“ მსოფლიო ჩემპიონატზე: აუცილებლობა თუ ფეხბურთის იდენტობის შეცვლა?

12 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიო ჩემპიონატებზე „წყლის შესვენება“ პირველად 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე, ნიდერლანდებისა და მექსიკის მატჩის დროს გამოიყენეს. ეს წესი ძალაში შედიოდა მაშინ, როდესაც სტადიონზე ჰაერის ტემპერატურა 32°C-ს ან მეტს აღწევდა. ასეთ დროს მატჩის მთავარი მსაჯი თითოეულ ტაიმში, დაახლოებით 30-ე და 75-ე წუთებზე, თამაშს 3 წუთით აჩერებდა, რათა სპორტსმენებს სითხის ბალანსი აღედგინათ.

FIFA-მ ეს წესი დეკემბერში, გასული წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული საცდელი გამოყენების შემდეგ ოფიციალურად დაამტკიცა და ამ მუნდიალზეც მოქმედებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სტადიონზე ტარდება თამაში ან როგორი ამინდია. 

რადგანაც ეს პაუზები დაკარგულ დროდ ითვლება, მსაჯებს ეს წუთები ტაიმის ბოლოს დამატებით დროში ავტომატურად გადააქვთ, ხოლო თავად მწვრთნელები ამ ხანმოკლე შესვენებას ხშირად სწრაფი ტაქტიკური მითითებების მისაცემადაც იყენებენ.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მწვრთნელებს ჰიდრატაციის შესვენებებზე საუბარი თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე უწევთ. ამ თემაზე საუბარი აქტუალურია. ბევრი მათგანი ამ შესვენებას თამაშის ერთგვარ ნიშნულად მიიჩნევს - ფაქტობრივად, პატარა შესვენებად ორ ტაიმს შორის. ბრიტანული ტელევიზიის ერთ-ერთმა კომენტატორმა მატჩის მეორე ტაიმის ნაწილი „მესამე მეოთხედად“ კი მოიხსენია. 

„ვფიქრობ, ეს წესი თამაშის დინამიკასა და იდენტობას ბევრად უფრო ცვლის, ვიდრე წარმომედგინა. ადრე, როდესაც მართლაც ძალიან ცხელოდა, ჰიდრატაციის შესვენებები გაცილებით მოკლე იყო“ - ტომას ტუხელი

მწვრთნელთა ნაწილი ამ ეტაპზე ღიად უჭერს მხარს ჰიდრატაციის შესვენებებს, თუმცა სხვებმა, განსაკუთრებით აშშ-ში ჩატარებული წინა ტურნირების დროს, შეშფოთებაც გამოთქვეს. მათ შორის იყო პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც გასული წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე კალიფორნიის ქალაქ პასადენაში არსებული სიცხის შესახებ ძალიან გულწრფელად ისაუბრა.

„გუნდები იტანჯებიან. თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, ასეთ პირობებში 90 წუთის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაში უბრალოდ შეუძლებელია“ - ლუის ენრიკე

ერთი შეხედვით, ეს წესი ლოგიკურ გადაწყვეტილებად ჩანს. თუმცა პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც სტადიონზე არც ისე ცხელა. როდესაც ინგლისი ბოსტონში განას დაუპირისპირდა, მატჩის განმავლობაში ტემპერატურა 18-21°C-ის ფარგლებში მერყეობდა. მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფოქსბოროში მოღრუბლული და წვიმიანი დღე იყო - ფაქტობრივად, ტიპური ინგლისური ზაფხული. მეცნიერული თვალსაზრისით, ასეთ პირობებში ჰიდრატაციის შესვენების აუცილებლობა თითქმის არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მატჩის 22-ე და 67-ე წუთებზე მსაჯმა ფეხბურთელები მოედნის კიდესთან მაინც მიიხმო.

საკითხი კიდევ უფრო სადავო ხდება იმ მატჩების დროს, რომლებიც დახურულ, კლიმატკონტროლირებად სტადიონებზე ტარდება და მზის პირდაპირი სხივებისგან სრულად არის დაცული. ისეთ არენებზე, როგორიცაა დალასი, ატლანტა და ლოს-ანჯელესი, ინფრასტრუქტურა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამერიკული ფეხბურთის გუნდებს სიცხეზე ფიქრი არ დასჭირვებოდათ.


“ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა გუნდი, ყველა მატჩში, ერთსა და იმავე პირობებში თამაშობდეს“ - ჯანი ინფანტინო

როგორც ჩანს, FIFA-ის პოზიცია განსხვავებულია - ორგანიზაციის აზრით, ყველა მატჩში ერთნაირი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. ამიტომ ჰიდრატაციის შესვენებები მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში გამოიყენება, მიუხედავად იმისა, თუ სად ტარდება მატჩი.

სხვა სტატიები