Belive

ცრემლიანი წასვლა | კაზემირო მადრიდის რეალს გამოემშვიდობა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებულმა პუბლიკამ გუნდის ცოცხალი ლეგენდა, ბრაზილიელი კაზემირო გააცილა - მის წასვლას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან 18 ტიტულისა და 336 მატჩის შემდეგ, ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის "რეალიდან" წასვლა მარტივი არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, კაზემიროს ახალი გამოწვევების მიღება სურდა. ბრაზილიელით გაძლიერება "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოისურვა და მის სანაცვლოდ, მადრიდულ კლუბს, £70 მილიონი ($83 მლნ.) გადაურიცხა.

რა თქვა კაზემირომ?

"ვეცდები, მთელი გულით ვილაპარაკო. როდესაც აქ ჩამოვედი, არავის ვიცნობდი, თუმცა აქ ჩემი ცხოვრება შევქმენი. ჩემი აქ მოყვანისთვის, ფლორენტინო პერესის მარადიულად მადლობელი ვიქნები. ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ საუკეთესოდ ის ყოველი დილა მახსენდება, როდესაც აქ სავარჯიშოდ მოვდიოდი.  ვერასოდეს მოვრჩები ორ ადამიანზე საუბარს: მოდრიჩისა და კროოსის გვერდით თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. ერთ დღესაც, აუცილებლად დავბრუნდები და გუნდს განვითარებაში სხვა ფორმით დავეხმარები. დიდი მადლობა გულშემატკივარს ჯადოსნური ღამეებისთვის, მადლობა კლუბს, რომ დიდ ფეხბურთელად მაქცია".
კაზემირო "რეალს" 2013 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, "სან პაულოდან" შეუერთდა. 2014–2015 წლების სეზონში, მადრიდულმა კლუბმა იგი "პორტუში" გაანათხოვრა, სადაც კაზემირომ თავის გამოჩენა შეძლო და "რეალში" დაბრუნების შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.
"კარგად მახსოვს 20 წლის ბიჭი, რომელიც დიდი ხნის წინ, "კასტილიას" რიგებს შეუერთდა. ვამაყობთ შენით - თითოეულ მატჩში ბოლომდე იბრძოდი და ახალგაზრდა მოთამაშეებს მამასავით ექცეოდი. შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ადამიანისთვის პასუხისმგებლობა და მორალური ღირებულებები, მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს შრომა და თავგანწირვა. "რეალის" ლეგენდას განსაკუთრებული ფეხბურთელები ქმნიან, ამისი ნათელი მაგალითი კაზემიროა - ადამიანი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 5-გზის ტრიუმფისკენ გაგვიძღვა. ", - თქვა თავის სიტყვაში გუნდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Real Madrid C.F. (@realmadrid)


საინტერესოა, რამდენად სწრაფად მოახერხებს ადაპტაციას კაზემირო ახალ გუნდთან, რომელიც პრემიერ ლიგის ცხრილის უკანასკნელ ადგილზე იმყოფება - "მანჩესტერ იუნაიტედი" უპრინციპულეს მატჩს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს, თუმცა ბრაზილიელი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კაზემიროს ინგლისში გადასვლასთან დაკავშირებით, კომენტარი "ლივერპულის" ნახევარმცველმა, ფაბინიომ გააკეთა.
"მასთან ერთად "რეალის" მეორე გუნდსა და ეროვნულ ნაკრებში მითამაშია. ის ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია, ჩვენ კონტაქტი დღემდე გვაქვს. ცხადია, მანჩესტერმა კარგი ტრანსფერი გააკეთა. კაზემირო გონიერი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, ასე რომ ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში ადაპტაცია არ გაუჭირდება", - თქვა ბრაზილიელმა.

სხვა სტატიები