Belive

Transfermarkt-ის ისტორია | როგორ შეიქმნა და როგორ მუშაობს საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვებგვერდი

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

ძნელად მოიძებნება ფეხბურთის ისეთი გულშემატკივარი, რომელსაც Transfermarkt-ზე სასურველი ინფორმაცია არ მოუძებნია. აქ ნახავთ რეკორდულ ტრანსფერებს, მოიძიებთ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას, გაიგებთ, კონკრეტულად რომელ პოზიციებზე თამაშობდა ნეიმარი გასული სეზონის თითოეულ მატჩში და რამდენი გოლი აქვს ლეო მესის მადრიდის "რეალის" კარში გატანილი. ერთი სიტყვით, რიცხვებისა და დეტალების მოყვარული ადამიანებისთვი, Transfermarkt საფეხბურთო სამოთხეა, სადაც პასუხი ყველა კითხვაზე მოიძებნება.

აქ შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია 1 მილიონამდე ფეხბურთელის შესახებ - Transfermarkt-ის მონაცემთა ბაზა ინგლისის პრემიერ ლიგიდან იწყება და მოზამბიკის ჩემპიონატსაც სწვდება. მოიცავს არამარტო ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელებს, სკაუტებსა და აგენტებს. მეტსაც გეტყვით, Transfermarkt-ზე იმასაც კი გაიგებთ, თუ ვინ მართავს თურქული "გალათასარაის" ავტობუსს.

Transfermarkt-ი თავის მისიას შესაშნავად ასრულებს: ის სანდო ინფორმაციის წყაროა, რომელსაც ყოველდღიურად 1 მილიონამდე (სეზონურად, მეტიც) მომხმარებელი სტუმრობს და რომლის გამართულობაზეც ათასობით მოხალისე და კომპანიის 80 თანამშრომელი მუშაობს. მის შექმნასა და განვითარებას კი დიდი ისტორია აქვს.

ისტორია

წლების წინ, როდესაც ადამიანები სიახლეების გასაგებად კიოსკში მიდიოდნენ და ჟურნალ-გაზეთებს ყიდულობდნენ, "ვერდერის" მხურვალე ქომაგმა, მატიას ზაიდელმა, ვებგვერდის შექმნა გადაწყვიტა. იგი გუნდში მუშაობდა კიდეც - "ვერდერის" შემოსავლები სწორედ მის ხელში გადიოდა. სურდა, შეექმნა ვებგვერდი, სადაც "ვერდერის" ახალი შენაძენების შესახებ დაიწერებოდა.

მალევე, Transfermarkt-ის პირველ ვერსის პირველი მომხმარებლები გამოუჩნდა. ზაიდელმა შეიტყო, რომ უცხო ადამიანებმა საიტზე შეცდომები იპოვეს - აღმოჩნდა, რომ ცენტრალური ნახევარმცველები ვინგერებად იყვნენ გაფორმებულები და მათი დაბადების დღეებიც არასწორად იყო მითითებული. გადაწყვიტა, შეექმნა სპეციალური ფორმა, სადაც ვებგვერდის მომხმარებლებს ნაპოვნი შეცდომების შესახებ ე.წ. "ადმინის" ინფორმირება შეეძლოთ.

"ინტერნეტ საზოგადოების ჩანასახის პერიოდი იყო. ჩვენ მომხმარებლებთან კომუნიკაციის გზის გამონახვა შევძელით - ისინი შეცდომებზე მიგვითითებდნენ, ჩვენ კი მათ რეკომენდაციებს ვითვალისწინებდით", - იხსენებს იგი.



ახალი ეტაპი

Transfermarkt-ის მმართველი დირექტორის, ტომას ლინცი ფიქრობს, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, კომპანიის განვითარების პროცესში გარდამტეხი აღმოჩნდა. იმ პერიოდში, ინტერნეტს სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარდა, გერმანიაში 32 ქვეყნის ნაკრებმა მოიყარა თავი და უცხო ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მოძიება ბევრს სურდა.

მას შემდეგ, პროგრესის ტემპი დაჩქარდა. 1 წლის შემდეგ, კომპანიის საკონტროლო წილი ევროპის უმსხვილესმა გამომცემლობამ, Axel Springer-მა შეიძინა. დაახლოებით 10 წლის შემდეგ კი, Transfermarkt-ს უკვე 20-ზე მეტი ქვეყნის დომეინი გააჩნდა.

დღეს, კომპანიას მილიონამდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, აქედან დაახლოებით 20,000 კი, მოხალისედ, ვებგვერდზე ფეხბურთელების განახლებებზე მუშაობს. ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების განსაზღვრაა.

როგორ განისაზღვრება ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება?

წელიწადში ორჯერ - ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, Transfermarkt-ის თანამშრომლები და მოხალისეები იწყებენ რთულ პროცესს, რომელიც მილიონამდე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას განსაზღრავს.

სატრანსფერო ფასის გაზრდასა თუ შემცირებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს: ფეხბურთელის შედეგიანობა, ტრავმები და ა.შ. - რეალურად, ფეხბურთელის ფასი ძალიან ბევრი მიკროელემენტისგან შედგება.

"ჩვენ ვატარებთ კვლევას, ვკამათობთ, ვადარებთ მონაცემებს, ვეძებთ კომპრომისს და მივდივართ გადაწყვეტილებამდე, რომელიც კიდევ რამდენიმე შემოწმებას გადის.

ვისმენთ მომხმარებლის აზრს და ვადგენთ საბაზრო ღირებულებას, ეს არის მომხმარებლების ცოდნისა და ჩვენი გამოცდილების ნაზავი", - ამბობს ტომას ლინცი.



Transfermarkt-ზე საუბრისას, ლინცს ეტყობა, რომ მისი კომპანიის საქმიანობით ამაყობს - სიამაყის შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ არის თვალსაჩინო, როდესაც კლუბის მიერ ფეხბურთელში გადახდილი ფასი Transfermarkt-ზე მითითებულ საბაზრო ღირებულებას ემთხვევა.

რეალურად, დროთა განმავლობაში, Transfermarkt-ი საფეხბურთო სამყაროში საზომი და დასაყრდენი გახდა - მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომი აგენტებისა და კლუბის წარმომადგენლებისთვის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, თუმცა მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია:

Transfermarkt-ი დამხმარე საშუალებაა დაბალი ლიგის გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის. როდესაც კარგი პროფილი გაქვს, უფრო ძლიერ გუნდში გადასვლის შანსი იზრდება. შესაბამისად, მონაცემებისა და ფოტოების დამატების თხოვნით, ჩვენ ბევრი ადამიანი მოგვმართავს და მათ პროგრესში ჩვენი წვლილი შეგვაქვს", - დაამატა ლინცმა.

სხვა სტატიები