Belive

TOP 5 ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი კლუბები, რომლებიც დღემდე არსებობს

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სპორტის სახეობა ფეხბურთია. მასშტაბური, როგორც სპორტსმენების ჩართულობით, ასევე გულშემატკივართა და ამ სპორტით დაინტერესებულ ადამიანთა გათვალისწინებით. თანამედროვე ფეხბურთის დაარსების თარიღი მე-19 საუკუნის შუა ნაწილით თარიღდება. გთავაზობთ TOP 5 ჩემპიონატის (ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი) ყველაზე ასაკოვან კლუბებს.

ინგლისი - საფეხბურთო კლუბი "შეფილდი"


ვისაც სპორტი ოდნავ მაინც აინტერესებს, ფაქტობრივად ყველამ იცის, რომ ფეხბურთის სამშობლო ინგლისია. ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი - პრემიერ ლიგა, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე "ძვირადღირებული" საფეხბურთო პროდუქტია, ეს ყველაფერი გამომდინარეობს როგორც თამაშის ტემპიდან, დაძაბულობიდან, ინტერესიდან, ასევე მისი ღირებულებებიდან და ისტორიიდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისში ფეხბურთი ხელოვნების დონეზეა აყვანილი - განსაკუთრებით საყურადღებოა ქომაგები, რომლებიც თავის მხრივ ცალკე ისტორიას ქმნიან და კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან სპორტის ამ სახეობას. ინგლისში ყველაზე ასაკოვანი საფეხბურთო კლუბი "შეფილდია", რომელიც 1857 წელს დაარსდა (არ აგერიოთ "შეფილდ იუნაიტედში"), თუმცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, რომელიც თავის მხრივ "შეფილდის" დაარსებიდან 6 წლის შემდეგ, 1963 წელს ჩამოყალიბდა, 1877 წელს შეუერთდა.
Sheffield_FC_1890-973x598


გერმანია - ბერლინის საფეხბურთო კლუბი "გერმანია"


როდესაც უძველესი გერმანული კლუბის შესახებ საფეხბურთო კლუბ "გერმანიას" ამოიკითხავ, რომელიც 1888 წელს დაარსდა, ჩნდება უმთავრესი და ლოგიკური კითხვა, რანაირად არის ეს გუნდი უძველესი, როდესაც არსებობს "მიუნხენ 1860", თუმცა ამ უკანასკნელებმა საფეხბურთო მოღვაწეობა 1899 წლის 6 მარტიდან დაიწყეს.

რაც შეეხება ბერლინის საფეხბურთო კლუბ "გერმანიას" რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, კლუბი 17 წლის მოზარდმა, პაულ იესტრამმა დააარსა და საქმის უკეთესად კეთების მიზნით დახმარების თხოვნით საკუთარ სამ ძმას მიმართა. ხსენებული გუნდი გერმანიის პირველი არაოფიციალური ჩემპიონია, თუმცა დღევანდელი მონაცემების თანახმად კლუბი ადგილობრივი ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დივიზიონში ასპარეზობს.

ესპანეთი - "რეკრეატივო დე უელვა"


ესპანური ფეხბურთი მე-19 საუკუნის, ფაქტობრივად ბოლო ათწლეულიდან იღებს სტარტს. ყველაზე ძველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ამჟამადაც მოქმედი გუნდის სტატუსს ატარებს, ყველასათვის კარგად ნაცნობი "უელვაა", რომელიც 1899 წლის 23 დეკემბერს ჩამოყალიბდა. საყურადღებოა, რომ უძველესი ესპანური კლუბი ორმა შოტლანდიელმა - ალექსანდრ მაკეიმ და რობერტ რასელ როსმა ჩამოაყალიბა. ისინი საზღვაო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი და საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების პირველი მიზანი მათ მიერ დაქირავებული მუშა ხელისთვის განტვირთვის საშუალების შექმნა იყო. "უელვას" დაარსებიდან 1 თვეში საფეხბურთო კლუბი "სევილია" დაარსდა, რომელმაც უმალვე მიიწვია "უელვა" სათამაშოდ და პირველი შეხვედრა სწორედ მათ შორის გაიმართა. დღეს დღეისობით "უელვა" ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონში ასპარეზობს, თუმცა ფეხბურთის ქომაგებს კლუბი "ლა ლიგაშიც" ახსოვთ. "უელვამ" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 5 სეზონი ჩაატარა.

იტალია - "ჯენოა"


ყველაზე ძველი და პირველი იტალიური საფეხბურთო კლუბის სახელწოდება ასე ჟღერს - "კრიკეტისა და ფეხბურთის საფეხბურთო კლუბი ტორინო", თუმცა მათი არსებობა 4 წელზე მეტხანს არ გაგრძელებულა. რაც შეეხება კლუბს, რომელიც მოქმედ კლუბებს შორის ყველაზე "ასაკოვანია", ეს გახლავთ "ჯენოა", რომელიც 1893 წლის 7 სექტემბერს დაარსდა და დღემდე აქტიური კლუბია.

"ჯენოამ" იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო (1898; 1899; 1900; 1902; 1903; 1904; 1914-15; 1922-23; 1923-24 წწ.). "ჯენოა" ამჟამად იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, სერია ა-ში თამაშობს.

საფრანგეთი - "ლე ავრი"


ფეხბურთის თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, თუმცა ფრანგებსაც დიდი წვლილი მიუძღვით სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.
უძველესი ფრანგული საფეხბურთო კლუბი "ლე ავრია", რომელიც 1872 წელს ჩამოყალიბდა. გუნდი თავდაპირველ ეტაპზე რაგბისა და ფეხბურთის ნაზავს თამაშობდა, თუმცა შემდეგ გადაკვალიფიცირდა სრულიად საფეხბურთო გუნდად. ამჟამად "ლე ავრი" საფრანგეთის რიგით მეორე დივიზიონშია, აღნიშნული დივიზიონი კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა უმაღლესი ფრანგული დივიზიონის მოგება უძველესმა კლუბმა ვერცერთხელ ვერ შეძლო. "ლე ავრის" მოგებულ ტიტულეს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფრანგული საფეხბურთო ასპარეზი Coupe de France-ია , რომლის მოგებაც 1959 წელს იზეიმეს.

სხვა სტატიები