Belive

The Herald: "შოტლანდიამ უნდა შეაჩეროს კვარაცხელია - საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ბოლო 50 წელიწადში"

10 თვის წინ ფეხბურთი
6 წთ

The Herald შოტლანდიური მედია საშუალებაა, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკას, სპორტსა და მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, აღნიშნულმა გამოცემამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის ავტორმაც, ხვიჩა კვარაცხელიას, უკანასკნელ 50 წელიწადში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი უწოდა.

შოტლანდიაში არავის სჭირდება შეხსენება, რომ სხვადასხვა დროს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ - მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ, ამ გუნდს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე არ უასპარეზია.

შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ნემსაძე ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შოტლანდიაში პატივს დღემდე სცემენ - ფეხბურთელები, რომლებიც XXI საუკუნის დასაწყისში "რეინჯერსსა" და "დანდიში" თამაშობდნენ.

თუმცა ახლა, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელ ქვეყანას ახალი საფეხბურთო გმირი ჰყავს: 22 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში სულ რაღაც 21 მატჩი აქვს ჩატარებული, უკვე უფრო დიდ ტალანტად მიიჩნევა, ვიდრე მისი სხვა გამორჩეული თანამემამულეები.

საქართველოში აქვთ იმედი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრების დიდ ტურნირზე გაყვანა შეუძლია - იმ გუნდის, რომელიც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ჰემპდენ პარკზე", შოტლანდიას დაუპირისპირდება.

"ნაპოლის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ფეხბურთის ღრმად მცოდნეები სუპერვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ.

ეჭვგარეშეა, რომ 90 წუთის განმავლობაში, სტივ კლარკის ხელმძღვანელობით მოთამაშე ფეხბურთელებს კვარაცხელია ბევრ პრობლემას შეუქმნის - სწორედ იმ გუნდს, რომელიც ნორვეგიასთან საოცარი გამარჯვების შემდეგ, A ჯგუფის ლიდერია.

შოტლანდიელი სპორტული მიმომხილველი, ელესდერ მაკენზი, რომელიც EuroSport-ზე იტალიური ფეხბურთის მიმართულებით მუშაობს, მიიჩნევს, რომ "დინამო ბათუმიდან" სულ რაღაც €10 მილიონად შეძენილ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული საყოველთაო ხმაური სრულიად გამართლებულია.

"ის ნამდვილი სენსაციაა. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მასზე უკეთესი ტრანსფერი იტალიურ გუნდებს არ განუხორციელებიათ. მის სანაცვლოდ, "ნაპოლიმ" ასე მცირედი იმ მიზეზით გადაიხადა, რომ ხვიჩა "ყაზანის რუბინში" თამაშობდა. მისგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა.

სერია A-ში თამაში კარგად დაიწყო, თუმცა იმ დღეს, როდესაც "ნაპოლიმ" "ლივერპული" ანგარიშით 4:1 დაამარცხა, კვარაცხელიამ "ლივერპული" სრულიად გაანადგურა. ის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ თამაშობდა - სწორედ ამ მომენტში გაიცნო იგი მსოფლიომ.

კვარაცხელია მარცხენა ფლანგელია და ყოველთვის სურს, რომ ბურთი მოედნის კიდეში მიიღოს. გარკვეულწილად, ძველმოდური სტილით მოთამაშე ვინგერია. ყოველთვის მეტოქის მოტყუებას ცდილობს და ეს შესანიშნავად გამოსდის. ელვისებრი სისწრაფე აქვს, ძალიან სწრაფი აჩქარება და ფანტასტიკური დრიბლინგი.

კვარა იმდენადვეა შემოქმედი, რამდენადაც მეტოქის გამანადგურებელი. ყველა ტურნირზე, გოლებისა და საგოლე გადაცემების გრაფაში, მისმა მონაგარმა ორნიშნა რიცხვი დააფიქსირა. ის არის დიდი საფრთხე ყველა გუნდისთვის. იმ ფეხბურთელს, რომელიც შოტლანდიის ნაკრებში კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშებს, დიდი პრობლემები ემუქრება", - ასეთი სიტყვებით შეაფასა ქართველი ტალანტი ელესდერ მაკენზიმ.

ბევრი ვარაუდობს, რომ კვარაცხელია გახდება ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც €100 მილიონზე მეტს გადაიხდიან. მაკენზის თქმით, ეს არავის უნდა გაუკვირდეს. თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ "ნაპოლიმ" თავის უძვირფასესი აქტივი მინიმუმ კიდევ 1 სეზონის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. მისი მოლოდინით, ამ ზაფხულში ნეაპოლს ვიქტორ ოსიმენი და კიმ მინ-ჯე დატოვენ, თუმცა კვარაცხელია კვლავ "ნაპოლიში" დარჩება (belive-ის ჩანართი: აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ნაპოლი ოსიმენს კონტრაქტს 2 წლით გაუხანგრძლივებს).

"პირველივე სეზონში, იგი სერია A-ს ჩემპიონი გახდა. არა მგონია, რომ €100 მილიონი არარეალურად ჟღერდეს. ვფიქრობ, ნაპოლი მას შემდეგი წინადადებით მიმართავს: "შენ ხომ ჩვენთან მხოლოდ 1 სეზონია, რაც თამაშობ? დარჩი, გააგრძელე განვითარება, აჩვენე ყველას, რომ შენი წარმატება ხანმოკლე არ არის, არ აჩქარდე."

კვარა "ნაპოლიში" კლუბის ლეგენდის, ლორენცო ინსინიეს ჩასანაცვლებლად მივიდა. თუმცა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ინსინიემ შეძლო. შესაბამისად, მას წინ დიდი წნეხი ელოდება - მთავარი კითხვაა, გააგრძელებს თუ არა იმავე დონეზე თამაშს.

მაკენზი ღიად ამბობს, რომ კვარაცხელია უშეცდომო და შეუჩერებელი არ არის. ამის მაგალითად მას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა მოაქვს, სადაც "მილანმა" ქართველი შემტევის განეიტრალება შეძლო.

"იმ თამაშს ვესწრებოდი. სან სიროზე, დავიდე კალაბრიამ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და კვარაცხელია თამაშიდან გამოთიშა. სეზონის მიწურულს, "ნაპოლის" მეტოქეებს ეს უფრო იოლად გამოსდიოდათ. შეიძლება მათ კვარაცხელიას სტილს ალღო აუღეს, ან უბრალოდ გადაიღალა. ფაქტია, რომ სეზონის სტარტზე გაცილებით უფრო ეფექტიანი იყო".

უდავოა, რომ "ჰემპდენ პარკზე", კვარაცხელიას წინამძღოლობით მოთამაშე საქართველოსთან, შოტლანდიის ნაკრების იოლი შეხვედრა არ ელოდება - ეს კი სტივ კლარკისთვის მოულოდნელობა ნამდვილად არ იქნება.

სხვა სტატიები