Belive

თამაზ კოსტავა: "მთავარია, რომ ჩამჯდარ ფეხბურთს არ ვთამაშობთ. ასეთი თამაშებით კი შედეგი აუცილებლად მოვა"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში, "დინამო თბილისის" ლეგენდარული თაობის ვეტერანმა წარმომადგენელმა, თამაზ კოსტავამ სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, 1980-იან წლებში არსებული მდგომარეობასა და საქართველოს ნაკრებში მიმდინარე სიახლეებზე.
"ესპანეთთან თამაშით გაოცებული ვიყავი. მათ სტუმრად 1:0 რომ მოვუგეთ, ცალკარა იყო. ახლა კი მეორე ტაიმში 1:1-ზე ისეთი კარგი მომენტები შევქმენით და მერე გოლი რომ გავუშვით, ცრემლი მომადგა, ასეთ ძლიერ ნაკრებთან რომ წავაგეთ. გუნდში დიდი გარდატეხა მოხდა. როდესაც ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი დაემატებიან, უკეთესი გუნდი გვეყოლება. მთავარია, რომ „ჩამჯდარ“ ფეხბურთს არ ვთამაშობთ. ასეთი თამაშებით კი შედეგი აუცილებლად მოვა. 1975 წლის ბოლოს ქუთაისში ჩამოვიდა სერგო კუტივაძე, სურდა, რომ „დინამოში“ წავეყვანეთ – მე, ოთარ გაბელია და რამაზ შენგელია. შემეშინდა, რომ ძირითადში ვერ მოხვდებოდი და 1976 წლის სეზონი ისევ „ტორპედოში“ ვითამაშეთ. 1976 წლის ბოლოს „დინამოდან“ ბევრი ვეტერანი მოთამაშე წავიდა და ჩემი ადგილიც გამოჩნდა. „დინამოში“ ავუხსენით, თავიდან არ მოტივით ვთქვით უარი და გაგვიგეს. სხვათა შორის, თავიდან მეც უარი ვთქვი, რადგან ჩემს ადგილზე ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მერე ვიფიქრე, ჩავალ და ვითამაშებ, თუ არაფერი გამომივა, ქუთაისი ხომ არსად წავა-მეთქი. „დინამოში“ ყველაფერი კარგად აეწყო. სხვათა შორის, მე, თამაზ კოსტავა, რამაზ შენგელია და ზაურ სვანაძე ახალგაზრდობიდან ერთად მოვდივართ. ისინი „დინამოში“ ჩემზე ერთი წლით ადრე წამოვიდნენ. ჩვენი გამზრდელი მწვრთნელი კი ცნობილი კარლო ხურციძე იყო. მერე კი, ანატოლი ნორაკიძის დამსახურებაა, რომ ამ დონეზე მოგვამზადა. მაშინ პირველ ლიგაში ბევრი კარგი გუნდი თამაშობდა და მათთან შეხვედრებში ვიზრდებოდით. ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება ვუსურვოთ, ძალიან დიდი მომავალი აქვს. დიდი შრომა უნდა, ეს პოტენციალი რომ გამოავლინოს. არც ჩვენ დროს იყო წარმატების მიღწევა იოლი – ლესელიძეში შეკრებაზე დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით“, - თქვა თამაზ კოსტავამ.
65 წლის ვეტერანი მცველი "დინამოში" 1977-82 წლებში თამაშობდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის, თასისა და უეფას თასების მფლობელთა თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები